„მე მსურს ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან შეერთებული შტატების ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და იმ საკითხებს, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ორმხრივი, რეგიონალური და გლობალური საკითხების ჩათვლით,“ განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან შეხვედრის დროს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გაიმართა. „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით,“ აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ინტერესებსა და პატივისცემას ეყრდნობა. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად, ენერგეტიკის სფეროში უსაფრთხოების განსამტკიცებლად და უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად,“ აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
რაც შეეხება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას, კერძოდ კი მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრას, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა: „ჩვენ მინსკის ჯგუფის ფორმატში მიმდინარე მუშაობას პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ამ ძალისხმევის კონტექსტში კონფლიქტის გადაჭრას ვცდილობთ.“
მინსკის ჯგუფი 1992 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით შეიქმნა სამხრეთდასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ანკლავის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებების საფუძველზე გადაჭრის მიზნით.
პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან ჟურნალისტ ეინულა ფატულაიევის გათავისუფლებას. „ჩვენ ბატონ ფატუალევის საქმეს ახლო მონიტორინგს ვუწევდით და აზერბაიჯანის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში გამჭვირვალე სასამართლო პროცესის წარმართვას ვითხოვდით,“ აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივნის მოადგილემ მარკ ტონერმა ცოტა ხნის წინ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. „ჩვენ კვლავინდებურად პასუხისმგებლობით ვეკიდებით აზერბაიჯანთან ურთიერთობას დემოკრატიული რეფორმების ჩატარების სფეროში, მათ შორის აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა რეფორმების ჩატარების მხრივ, რომელიც საჭიროა აზერბაიჯანელი ხალხის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა პრეზიდენტ ობამას და შეერთებული შტატების ხალხის სახელით აზერბაიჯანელ ხალხს მოულოცა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ოცი წლის წინ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა.