ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვარი, იმიგრაცია და ეკონომიკა


საზღვარი, იმიგრაცია და ეკონომიკა

პრეზიდენტ ობამას ახალი ინიციატივები

გუშინ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტეხასის შტატში იმყოფებოდა. ის დედაქალაქ ოსტინს და ქალაქ ელ-პასოს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი საიმიგრაციო კანონის დახვეწა იყო, რასაც შედეგად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე ვითარების გაუმჯობესება უნდა ამოყვეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რაც ახალ კანონს ექნება - ეს 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტის ლეგალიზებაა. ელ-პასოში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ახალი კანონი არა მხოლოდ ემიგრანტებს დაეხმარება, არამედ დიდ პოტენციალს შემატებს თავად ქვეყნის ეკონომიკას.

„ამერიკაში საშუალო ფენის გაძლიერების გზა საიმიგრაციო სისტემის რეფორმირებასთანაა დაკავშირებული, რათა არ იყოს მასობრივი იატაკქვეშა ეკონომიკა, რომელიც იაფ მუშახელს იყენებს და სხვა დანარჩენისთვის კი ხელფასების სიმცირეს იწვევს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

საიმიგრაციო რეფორმა კონგრესში ბარიერებს აწყდება. ამის მიუხედავად პრეზიდენტს სურს, რომ ეს კანონპროექტი ნაწილობრივ მაინც გაიტანოს, რათა შეასრულოს საპრეზიდენტო დანაპირები, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ გააჟღერა. ამ მოსაზრებას ტეხასის უნივერსიტეტში პოლიტიკური პროექტების დირექტორი ჯეიმს ჰენსონი ავითარებს.

„იმიგრაცია ის სფერო იყო, რის განვითარებასაც ის თავიდანვე ცდილობდა, თუმცა, ამისთვის ადმინისტრაციამ პირველ ორი წელიწადში ვერ მოიცალა. მე ვფიქრობ, ახლა ეს უკავშირდება იმას, რომ ობამას ადმინისტრაციას სურს ლათინოამერიკელებთან თავის კავშირების გაძლირება და როგორც ვიცით იმიგრაცია ლათინოამერიკელების უმთავრესი პრობლემაა“ - აცხადებს ჰენსონი.

ელ-პასოში ვიზიტით პრეზიდენტმა ობამამ ამერიკისთვის ერთერთ უმთავრეს პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. ეს არის შეერთებული შტატების და მექსიკის 3 ათას კილომეტრიანი საზღვარი. ელ პასოს გასწვრივ მექსიკის საზღვრისპირა ქალაქი ხუარესი მდებარეობს, სადაც ნარკოგარჩევების ნიადაგზე ძალადობა ხშირი მოვლენაა. ამერიკელთა საზრუნავს და საფიქრალს მექსიკაში მოქმედი ნარკოკარტელებიც წარმოადგენს, რაც თავად შეერთებულ შტატებში ნარკოვითარების გაუარესებას იწვევს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში ამ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და პირობა დადო, რომ საზღვრის დაცვის ღონისძიებები აუცილებლად გამკაცრდება.

XS
SM
MD
LG