ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გადატანილი ყურადღება მხოლოდ ერთს ნიშნავს: ამერიკელებს დასაქმება ესაჭიროებათ.
ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიასთან და პანამასთან ამერიკას, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ექსპორტის გაორმაგებაში დაეხმარება და ამასთან, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებთან კონკურენციის გაწევაში შეუწყობს ვაშინგტონს ხელს.
“ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენი სიძლიერე არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერესა და სიდიდეზე იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ რა ინოვაციები გვაქვს, რას ვაწარმოებთ, და რამდენად ეფექტურად ვყიდით ამ პროდუქციას. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს-ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის ჩათვლით, კარგად ესმით ეს პროცესები. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, როცა ისინი, საგარეო პოლიტიკის ცენტრში ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ აქტივობას აყენებენ.”
კლინტონმა ეს განცხადებები გლობალურ ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე გააკეთა. კონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეგრეთწოდებული "დასაქმების დიპლომატია" ამერიკაში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლას, ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე გატანას და სხვადასხვა ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის თანაბარ პირობებში კონკურენციას ნიშნავს.
კლინტონის განცხადებით, აღნიშნულ პოლიტიკას, საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, თან უნდა უძღოდეს ის სათამაშო ველი, სადაც კორუფციას, ინტელექტიუალური საკუთრების მეკობრეობას და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფირმების პრეფერენციულ მოპყრობას ებრძვიან.
მისი მითითებით, ამერიკა არ შეეგუება იმ სიტუაციას, როცა მისი კონკურენტები კანონით დადგენილ წესებს არ იცავენ.
“ობამას ადმინისტრაციამ ჩინეთის წინააღმდეგ უკვე შეიტანა არაერთი სარჩელი ვაჭრობის სფეროში. ამ ეტაპზე ვაჭრობის კონტროლის საგანგებო ქვესამსახური იქმნება, რომელიც არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის წინააღმდეგ გაატარებს საქმიანობას.'
გასულ პარასკევს კი პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სიტუაციაში, როცა სხვა ქვეყნები უსამართლო პირობებში აფინანსებენ საკუთარ ექსპორტს, ამერიკა მხარსა დაუჭერს აღნიშნული ფირმების ამერიკელ კონკურენტებს.”
კლინტონს არ დაუმალავს, რომ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ამერიკულ კომპანიებს მეტი ხელშეწყობა აქვთ გლობალურ ასპარეზზე სამოქმედოდ და ამ სიტუაციით კერძო სექტორმა უნდა ისარგებლოს.
გლობალურ ბიზნეს ლიდერთა კონფერენცია ვაშნგტონში დღესაც გრძელდება. განსახილველ საკითხებს შორის არის რეგიონალური კერძო ბიზნეს ფირმებისა და ინვესტორების მონაწლეობა გლობალურ ბაზრებში და სხვადასხვა კონკრეტული შესაძლებლობები.