ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მყიფე და შეუქცევადი პროგრესი


მყიფე და შეუქცევადი პროგრესი
მყიფე და შეუქცევადი პროგრესი

ავღანეთში არსებული ვითარების მიმოხილვა

ავღანეთში მიღწეულ პროგრესს პენტაგონის მაღალჩინოსნები კვლავ ორსიტყვიანი ფრაზით აფასებენ: „მყიფე და შეუქცევადი“. ერთის მხრივ, ამერიკის არმიის ხელმძღვანელობა ამაყობს მიღწეული სამხედრო წარმატებებით თალიბანის ყოფილ ტერიტორიებზე. თუმცა, ამავდროულად აცხადებენ, რომ არ იციან რამდენად შენარჩუნდება სტაბილურობა ამ რაიონებში ზაფხულის შემდეგ. ავღანური პერსპექტივის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა. თალიბანმა ამ ბოლო დროს ორი ფართამოსშტაბიანი შეტევა განახორციელა, რამაც ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ ომში სამხედროებზე არანაკლები მნიშვნელობა სამოქალაქო ფაქტორს ენიჭება. სწორედ ამით განისაზღვრება პროგრესის შედეგები. საზღვაო ქვეითების გენერალ-მაიორი რიჩარდ მილსი ავღანეთიდან ახლახანს დაბრუნდა. ის ჰელმანდის პროვინციაში იყო მივლინებული. ეს ადგილი კი წლების მანძილზე თალიბანის სიმაგრეს წარმოადგენდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება შენარჩუნდება და ამის საფუძველს მაძლევს ადგილობრივი ავღანელი ხალხი, რომლებიც იქ ადგილზე დებენ ინვესტიციებს და საფრთხეების მიუხედავად სკოლებში აგზავნიან თავიანთ შვილებს. ეს რეალური ინვესტიციაა, რისი განხორციელებაც თალიბებს აღიზიანებთ, “ - აცხადებს მილსი.

ვაშინგტონის ატლანტიკურ საბჭოში გენერალმა მილსმა უსაფრთხოების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და ავღანური არმიის და პოლიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ასევე ხანგრძლივად ილაპარაკა იმ პროგრამების პოპულარობაზე, რომელიც ჯანდაცვის, დასაქმების და განათლების სფეროებში ხორციელდება.

„როდესაც მეკითხებიან არის თუ არა იქ ვითარება შეუქცევადი და ხომ არ დაბრუნდება ძველი პერიოდი, მე ვპასუხობ, შეხედონ განათლების სფეროს, რადგანაც მეამბოხეთა მუქარების მიუხედავად, მშობლები შვილებს სკოლებში მაინც აგზავნიან,“ - აცხადებს გენერალი. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ის თვლის, რომ ავღანეთში პროგრესი აშკარაა და მოვლენები სწორი გზით ვითარდება.

სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი კი ავღანეთში არსებულ სტრატეგიას აკრიტიკებს. თუმცა, ამავე დროს აცხადებს, რომ პროგრესი აშკარაა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კორდესმანმა ავღანეთში არსებულ ერთერთ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც ჩვენ რაღაცას ვაშენებთ სამხედრო სფეროში რაც დაეხმარება ასევე პოლიციას, არ უნდა გამოგვრჩეს მეორე მხარე. ჩვენ არ გვაქვს ადგილზე მმართველობა, არანაირ დონეზე, რაც ძალიან გვესაჭიროება,“ - აცხადებს კორდესმანი. თუმცა, ამავე დროს აღიარებს, რომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა განსაკუთრებით ამერიკული სტილის დემოკრატიის და კაპიტალიზმის დანერგვის კუთხით.

უნდა ითქვას, რომ ნატოს და შეერთებული შტატების ამოცანა ც ეს არის, რისი მიღწევაც 2014 წლისთვის სურთ, როდესაც ავღანეთის არმიამ და პოლიციამ ვითარებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა თავის თავზე სრულად უნდა აიღოს. მანამდე კი, ივლისდიან ავღანეთში პრეზიდენტ ობამას დანაპირების შესრულება და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყება. როგორც ოფიციაური პირები აცხადებენ ეს პროცესი თანდათანობით და ეტაპობრივად განხორციელდება.

XS
SM
MD
LG