ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„არასწორი აღქმის“ საფრთხე


კოსოვოს საკითხზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები

ოფიციალურ სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში, შეიძლება ითქვას ახალი ერა დაიწყო. ამის მიზეზი კი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამართლებაა. რეგიონში გაეროს დესპანმა ლამბერტო ზანირმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინმა გარკვეულწილად შეაფერხა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლომ თავისი აზრი დააფიქსირა, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი განახლდება. სერბეთის და კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უშიშროების საბჭოს განუცხადეს, რომ მათ სურთ გადაუჭრელი საკითხების მოგვარება, რამდენადაც ისინი ევროკავშირის წევრობას ესწრაფვიან.

თუმცა, მათი მხრიდან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავებულმა აღქმამ და შეფასებებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ მათ შორის შერიგება და ურთიერთობების ნორმალიზება არც ისე ადვილი იქნება.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვუკ ჯერემიჩის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ „არასწორი აღქმებისათვის“ ადგილი დატოვა, რამაც შესაძლოა მსოფლიოში სხვა სეპარატისტული მოძრაობების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

„სასამართლოს შეხედულებების არასწორ გაგებას შესაძლოა მოჰყვეს მსოფლიოში არსებული ეთნიკური უმცირესობების მიერ საკუთარი დამოუკიდებლობის დეკლარაციების შექმნა კოსოვოს მაგალითის თანახმად,“ - განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მისი კოსოვოელი კოლეგა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს რომ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო „გულწრფელი, ნათელი და ეჭვებისათვის ადგილი არ დაუტოვებია.“

როგორც სკენდერ ჰუსეინიმ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, უკვე მოვიდა დრო, რომ შეიცვალოს გაეროს 1244-ე რეზოლუცია, რომლის თანახმადაც კოსოვოში გაეროს დროებით წარმომადგენლობა შეიქმნა. ახლა კი გაერომ იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობით არის შექმნილი.

„ჩვენი მოთხოვნა, რომელიც 1244-ე რეზოლუციის შეცვლას უკავშირდება, განპირობებულია ჩვენი საბოლოო მიზნით, რომელიც კოსოვოს გაეროს წევრობას ეხება. გაეროს წევრობა ეს ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ეს იქნება ბუნებრივი ნაბიჯი გაეროს სასამართლოს დადგენილების შემდეგ,“ - განაცხადა სკენდერ ჰუსეინიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა, რომელიც ამავდროულად ამ თვეში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროს 1244-ე რეზოლუცია არ უნდა შეიცვალოს და არც კოსოვო უნდა გახდეს გაეროს წევრი ქვეყანა.

„თქვენ რასაკვირველია გესმით, რომ უშიშროების საბჭოში ძალთა თანაფარდობა ამ საკითხზე დღის წესრიგში დგას. ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ვინმეს მოლოდინი 1244-ე რეოზლუცის შეცვლაზე ან გადახედვაზე მისაღებია,“ - განაცხადა ჩურკინმა.

როგორც ცნობილია, რუსეთი სერბეთის მხარდამჭერია და კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

გასულ კვირას სერბეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც კოსოვოს საკითხზე ახალი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

სერბეთმა კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს, ნატოს სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაკარგა. ნატოს ოპერაცია კი ალბანელი ამბოხებულების წინააღმდეგ სერბეთის სამხედრო ძალების მოქმედებას მოჰყვა. კოსოვოს ეთნიკურმა უმრავლესობა ალბანელებმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა ფორმალურად 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადეს. დღემდე კოსოვოს დამოუკიდებლობა 68 ქვეყანამ აღიარა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.

XS
SM
MD
LG