ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღალი ფასის კონფლიქტი


მაღალი ფასის კონფლიქტი

ინტერვიუ ბრიტანელ ანალიტიკოსთან ტომ დე ვაალთან

სამხრეთ კავკასიის რეგიონი დასავლელი ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება. რეგიონში კი ერთ-ერთ მთავარ და დღემდე მოუგვარებელი პრობლემას ყარაბაღის საკითხი წარმოადგენს. ამ სფეროში დასავლეთში ერთ-ერთ საკმაოდ კომპტენეტურ ექსპერტად და ანალიტიკოსად ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი ტომ დე ვაალი ითვლება, რომელსაც ყარაბაღის საკითხზე რამდენიმე პუბლიკაცია და ასევე წიგნიც აქვს გამოქვეყნებული. „ამერიკის ხმა“ ტომ დე ვაალს ესაუბრა და მთავარი თემა ყარაბაღი იყო. შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს იგი ყარაბაღის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ტომ დე ვაალმა განაცხადა:

„ჩვენ იმ წერტილში ვიმყოფებით, რომელიც სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დადგა. ორივე მხარე თანახმაა განსახილველი დოკუმენტის შინაარსის 90 პროცენტზე, თუმცა არასდროს არ არის თანხმობა შინააარსის 100 პროცენტზე. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირადად არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ის სოჭში, მანამე კი სანკტ-პეტერბურგში ორივე ქვეყნის - სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შეხვდა. ჩვენ ვხედავთ ორივე მხარის ენთუზიაზმს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მათ სანკტ-პეტერბურგში შესთავაზეს. თუმცა, მე ვფიქრობ აქ საქმე გვაქვს ფუნდამენეტურ პრობლემასთან. ანუ უნდათ თუ არა ორივე პრეზიდენტს შეთანხმებაზე ხელმოწერა? ისინი ერთამენთს არ ენდობიან, გარემო პირობები არ არის მართებული და ისინი ფიქრობენ, თუ რატომ უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რატომ უნდა წაიწიონ წინ. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა.ეს არის უნდობლობის პრობლემა“.

ტომ დე ვაალმა 2007 წელს მადრიდში მიღწეულ პრინციპებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრინციპები შეეხება უფრო წინა პერიოდში დაბრუნებას, რაც ითვალისწინებს ყარაბაღის სტატუსის გასაზღვრას.

„მადრიდის პრინციპები რასაც ცდილობს და მე ვფიქრობ ეს საკმაოდ ჭკვიანური მექანიზმია, ეს არის იმ წრის შემოფარგვლა, რომელიც ძირითადად უბრუნდება ძველ საკითხს, ფუნდამენტურ საკითხს, რაც არის ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა. ამ საკითხზე კამათი ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო. ახლა კი ეს უფრო თანამედროვე ვერსიაა. თუმცა, არცერთ მხარეს არ შეუძლია უარი თქვას იმაზე, რაც მათთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აზერბაიჯანი არ იტყვის უარს მის ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად არც სომხეთი და არც ყარაბაღელები არ იტყვიან უარს იმაზე, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს,“ - განაცხადა ტომ დე ვაალმა.

ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში სომხეთის ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის ლევონ ტერ-პეტროსიანის განცხადებასაც შეეხო. ორი დღის წინ, ლევონ ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ დასავლეთი კარგავს ინტერესს ყარაბაღის საკითხის მიმართ, რადგან არსებობს სხვა უფრო მეტი პრობლემა დასავლეთისთვის - ერაყის და ავღანეთის ჩათვლით, ვიდრე ეს ყარაბაღია. ამასთანავე ტერ-პეტროსიანმა დასძინა, რომ უმთავრესი გასაღები რეგიონში პრობლემის გადაწყვეტისათვის ეს არის - რუსეთი. ტომ დე ვაალის თქმით, დასავლეთს არასდროს ქონია უდიდესი ინტერესი ყარაბაღში. მისი განცხადებით, მართალია დასავლეთის ლიდერებს სურთ ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად დიდ ძალისხმევას უთმობენ ისინი ამ საკითხს. რაც შეხება რუსეთს, ტომ დე ვაალი ფიქრობს რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ პრობლემას ძალიან სერიოზულად უყურებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მედვედევმა პირადად მიიღო მონაწილეობა მადრიდის დოკუმენტის რედაქტირებაში, ასევე პირადად შეხვდა სოჭში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს. რაც შეეხება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას ტომ დე ვაალმა აღნიშნა:

„თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის დაწყების მცდელობა საკმაოდ იმედიანი ნაბიჯი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი გაიხსნებოდა თურქეთ-სომხეთის საზღვარი. ეს საკმაოდ დადებითი ნიშანი იყო. თუმცა, აქ რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი. პირველი ჩემი აზრით იყო ის, რომ თურქეთმა ნათლად არ იცოდა თუ რისი მიღწევა სურდა. ასევე მოლაპარაკებებში ჩართული თურქების ნაწილი, სომხეთთან საერთოდ არ საუბრობდა ყარაბაღის საკითხზე. ამავდროულად პრემიერ-მინისტრი ერდოგანი ჩავიდა ბაქოში და ყარაბაღის საკითხზე დეტალურად ისაუბრა. ამდენად, თურქებმა კარგად არ იციან თუ რა კავშირი უნდა ქონდეთ ყარაბაღის საკითხთან. ამასთანავე მათ გადაწყვიტეს, რომ ამ შეთანხმების საფასური მათთვის საკმაოდ მაღალი იქნებოდა,“ - დასძინა ტომ დე ვაალმა.

XS
SM
MD
LG