ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადს სტუდენტები დაუპრისპირდნენ


აჰმადინეჟადს სტუდენტები დაუპრისპირდნენ
აჰმადინეჟადს სტუდენტები დაუპრისპირდნენ

კონსერვატიულად განწყობილ ირანელებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის უმაღლეს დონეზე გამეფებული კორუფცია ადარდებთ.

თეირანის უნივერსიტეტში ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ვიზიტის დროს სტუდენტების ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია მოაწყო. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი ქაიროდან იუწყება, სტუდენტები გასულ შაბათ-კვირას ხუთი ქურთი პატიმრის სიკვდილით დასჯას აპროტესტებდნენ.

ხმაურიან საპროტესტო დემონსტრაციაში თეირანის შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტმა მიიღო მონაწილოება. აქციის ამსახველ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების გრძელი რიგი.

ირანის ოპოზიციური ვებ გვერდის კალამე ნიუსის თანახმად, სტუდენტების გამოსვლამ „დაძაბულ ატმოსფეროში“ ჩაიარა. ამას გარდა პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან დაპირისპირების მსურველ სტუდენტებს უშიშროების სამსახურის აგენტებთან შეხლა-შემოხლა მოუხდათ. ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, ამერიკის ხმას მოახსენა:

მისი თქმით, სტუდენტები დილიდან პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი გაჰყვიროდნენ ლოზუნგს „სიკვდილი აჰმადინეჟადს!“ ამ თვითმხილველის თქმით, ხელისუფლების მომხრე ბასიჯის უშიშროების ძალის წარმომადგენლებმა ზოგიერთი სტუდენტების დაკავება სცადეს, მაგრამ სხვა სტუდენტები მათ დასახმარებლად მოვიდნენ და გაათავისუფლეს ისინი. მისი თქმით, სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდებოდა სანამ პრეზიდენტი აჰმადინეჟადი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ოპოზიციურ ვებ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი სტუდენტი დააკავეს ან უნივერსიტეტებიდან გარიცხეს.

ბრიტანეთის ბირმიჰემის უნივერსიტეტის მკვლევარი და ბლოგ „ენდიურინგ ამერიკას“ ავტორი სკოტ ლუკასი არ ეთანხმება ირანში ზოგიერთ მიმომხილველს, ვისაც მიაჩნია, რომ გასული წლის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციურ „მწვანე მოძრაობას“ ენერგია გამოელია. ამასთან დაკავშირებით იგი დასძენს:

„ამბობენ, რომ ირანის მთავრობამ და უშიშროების ძალებმა შესძლეს რეჟიმის სერიოზული გამოწვევების განეიტრალება და ის რაც გასულ წელს სახალხო მოძრაობას წააგავდა თითქოსდა თავისით გამოიფიტა. მე ვფიქრობ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა რადგან ცხადია, რომ მართალია ქუჩებში ფართომასშტაბიან და ადვილად შესამჩნევ საპროტესტო დემონსტრაციებს ახლა ნაკლებად თუ დაინახავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოძრაობა სულს ღაფავს. პირიქით, რეჟიმის მხრიდან სერიოზული რეპრესიების მიუხედავად, ოპოზიციური მოძრაობა კავშირების აღდგენას ცდილობს.“

ლუკასი აღნიშნავს, რომ ირანში ხალხის უკმაყოფილება კვლავინდებურად შესამჩნევია. მისი თქმით, ბევრს აწუხებს ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობა, ძალაუფლების გადამეტება და პოლიტიკური პატიმრების დაკავება.

პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ყველაზე სერიოზული გამოწვევა კონსერვატიულ წრეებში შეინიშნება რადგან კონსერვატიულად განწყობილ ირანელებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის უმაღლეს დონეზე გამეფებული კორუფცია ადარდებთ.

XS
SM
MD
LG