ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარაკეტო ფარი ჩეხეთის გარეშე


სარაკეტო ფარი ჩეხეთის გარეშე
სარაკეტო ფარი ჩეხეთის გარეშე

პრეზიდენტ ობამას გეგმა და ოფიციალური პრაღას განაწყენების მიზეზი

ჩეხეთის რესპუბლიკამ შეერთებული შტატების ბალისტიკური რაკეტების სისტემებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილების მოტივების შესახებ ვითარებას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა იკვლევდა.

შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც ევროპაში ბალისტიკური რაკეტების განთავსებას გულისხმობდა, ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად ბუშის ადმინისტრაცია პოლონეთში 10 სარაკეტო გადამჭერის, ხოლო ჩეხეთში სარადარო სისტემების განლაგებას ისახავდა მიზნად. პროექტის მთავარი მისია ირანიდან პოტენციური საფრთხის აღკვეთა იყო, კერძოდ კი გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტების შეჩერება. თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ მიდგომა შეცვალა და განაცხადა, რომ ამ პროექტის მიზანი ირანული მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების შეკავება იქნებოდა. ამგვარად, 2009 წლის სექტემბერში ბარაკ ობამამ ბუშის ადმინისტრაციის გეგმა გააუქმა. ახალი გეგმით კი, SM-3 ტიპის გადამჭერები პოლონეთში 2015 წლისთვის, ხოლო რუმინეთში კი 2018 წლისთვის განთავსდება. ანალიტიკოსების თქმით, გადამჭერები უკვე ატვირთულია შეერთებული შტატების სამხედრო გემებზე, რაც ობამას გეგმას ბუშის გეგმასთან შედარებით უფრო მეტ მოქნილობას მატებს.

ასევე ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ობამას გეგმა. დერილ კიმბელი კერძო კვლევითი ფირმის - შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელია.

„როდესაც ობამას ადმინისტრაციამ გადადო ამ სისტემების განლაგების გეგმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც თავად იყო ამ გეგმის მიმართ წინააღმდეგობა მოსახლეობის მხრიდან, ეს უკვე ნიშნავდა, რომ რადარი იქ აღარ განთავსდებოდა. ამის ნაცვლად ობამამ ჩეხეთს სხვა, უფრო მცირე როლი შესთავაზა, რამაც ჩეხეთის ხელისუფლები იმედგაცრუება გამოიწვია,“ - განმარტავს დერილ კიმბელი.

მარკო პაპიჩი „სტრატფორის“ ანალიტიკოსია. მისი თქმით, ამ განახლებულ გეგმაში ჩეხეთის რესპუბლიკა 100 მილიონიანი სარადარო პროექტის ნაცვლად პრაქტიკულად იღებდა კომპიუტერების ოთახს, რომლის ღირებულება 2 მილიონი დოლარი იქნებოდა. ამდენად, პაპიჩის აზრით, ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს არ იქნებოდა იმ საშინაო რისკების საფასური, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობას მოყვებოდა. პაპიჩი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩეხეთს უბრალოდ ძვალი გადაუგდო.

„ეს ადრეული გაფრთხილების სისტემაა და არც ტექნოლოგიურად და არც საინჟინრო თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი ამ სისტემის შეერთებული შტატების გარეთ გატანა. ეს შესაძლოა პენტაგონშიც კი იყოს,“ - ამბობს პაპიჩი.

რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსების გეგმაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთი, რომელიც ვაშინგტონის ამ განზრახვას მუდმივად ეწინააღმდეგება. მოსკოვს არ სჯერა, რომ ამ პროექტის მიზანი ირანიდან წამოსული სარაკეტო საფრთხის განეიტრალებაა. კრემლი ამ პროექტს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გეგმად განიხილავს, რასაც ვაშინგტონი უარყოფს.

ამასთანავე, ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნების უმრავლესობა მოსკოვს კვლავ პოტენციურ საფრთხედ განიხილავს. თუმცა, როგორც პაპიჩი ამბობს, მათ რიცხვს ჩეხეთი არ მიეკუთვნება. სტრატფორის ექსპერტი ამ ფაქტს გეოგრაფიული სიშორითაც ხსნის. დერილ კიმბელის მსგავსად სხვა ექსპერტებიც თვლიან, რომ ჩეხეთის უარი სისტემაში მონაწილეობაზე უპასუხისმგებლო საქციელი იყო. ისინი თვლიან, რომ სარაკეტო თავდაცვის კომპონენტების განთავსება, ეს პრესტიჟის კი არა, უბრალოდ აუცილებლობის საკითხია, რათა ევროპის ქვეყნები პოტენციური საფრთხისგან ადექვატურად იყვნენ დაცულები.

XS
SM
MD
LG