ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ჯანდაცვის პროგრამების სუბსიდირება


ახალი ანგარიშის მიხედვით ბოლო 10 წლის მანძილზე ამერიკამ გლობალური ჯანდაცვის პროგრამების თითქმის ნახევარი დააფინანსა

შეერთებული შტატები გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში და მეცნიერულ კვლევებში ინვესტიციების მიხედვით მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს. ამერიკამ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნებისთვის ახალი ვაქცინების, წამლების და სამედიცინო დანადგარების შექმნის საქმეში 13 მილიარდი დოლარი დააბანდა.

ახლადგამოქვეყნებული ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ - გლობალური ჯანდაცვის ტექნოლოგიათა კოალიცია. ანგარიშის სახელია „სიცოცხლის გადარჩენა და შედეგის ეფექტურობა - რატომ არის მნიშვნელოვანი გლობალურ ჯანდაცვაში ინვესტირება“.

კოალიციამ 2000-2011 წლებში ამერიკის 5 ფედერალური სააგენტოს მუშაობა შეაჯამა. ესენია: ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაცია და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი. კოალიციის დირექტორი კეტლინ ქრისტენსონი ამბობს:

„გლობალური ჯანდაცვის ტექნოლოგიათა კოალიცია 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანი იმ ბარიერების მოხსნაა, რომელიც ახალი ვაქცინების, სამედიცინო პრეპარატების, დიაგნოსტიკური აპარატების და სხვა აუცილებელი პროდუქციის განვითარებას უშლის ხელს. ასევე ვმუშაობთ შეერთებული შტატების კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ამერიკის მთავრობას მსოფლიოსთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება“ - აღნიშნავს ქალბატონი ქრისტენსონი.

კოალიციის დაფინანსებას ბილ და მელინდა გეიტსის ფონდი უზრუნველყოფს. ბილ გეიტსი მაიკროსოფტის დამაარსებელი, ამჟამად ინვესტორი, ქველმოქმედი და ავტორი გახლავთ. კეტლინ ქრისტენსონის თქმით, ჯანდაცვის სფეროში შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს განვითარებად სამყაროზე რეალური შედეგი აქვს და ის „მთელი დედამიწის მასშტაბით ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს“.

კოალიციის დირექტორის თქმით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი - მენინგიტის ახალი ვაქცინაა. ანგარიშის მიხედვით ვაქცინა შემდეგი ათი წლის მანძილზე მენინგიტის საშუალოდ 440 ათასი შემთხვევის აღკვეთას შეძლებს. მეორე მაგალითი ტუბერკულოზის დადგენის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდი Xpert MTB/RIF გახლავთ. მისი მეშვეობით დიაგნოსტიკის ეფექტურობა სამჯერ გაიზარდა.

ანგარიშის გამოქვეყნება შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვებს ემთხვევა.

„მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების და შემჭიდროვებული ეკონომიკის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ასეთ ეპოქაში ყველა პროექტი რისკის ქვეშ დგება. რა თქმა უნდა, განვითარების ერთი სასიცოცხლო პროგრამის შენარჩუნება მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრამის შეკვეცის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლები ინვესტიციების რეალურ შედეგს კარგად გააცნობიერებენ“ - აღნიშნავს კოალიციის დირექტორი.

ქალბატონ ქრისტენსონს არამარტო მოსალოდნელი საბიუჯეტო შემცირებები აშფოთებს, არამედ ცალკეული პროგრამებისთვის უკვე დამტკიცებული ლიმიტირებული ფონდებიც. მათი დაფინანსების გაზრდას მსოფლიო ჯანდაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამბობს ის. კოალიციის დირექტორის თქმით „უამრავი სამეცნიერო კვლევა არასაკმარისი სუბსიდირების გამო გაყინულია და ადგილიდან არ იძვრის. მათი დიდი ნაწილი იმ ფაზაშია, როცა კვლევა პოზიტიურ შედეგს აჩვენებს, მაგრამ მისი რეალურ პროდუქტად ქცევა აღარ ხერხდება“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურ ჯანდაცვაში ინვესტიციას ქვეყნის შიდა პროგრამებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ირკვევა, ყოველი დოლარიდან, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის განვითარებაზე იხარჯება, 64 ცენტი უშუალოდ შეერთებულ შტატებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე იხარჯება. ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კოალიციას მიაჩნია, რომ გლობალური ჯანდაცვის პროგრამები კონგრესში ორპარტიული დაპირისპირების მიზეზი არ უნდა გახდეს.

XS
SM
MD
LG