ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ანალიტიკოსები ვაშინგტონს რეგიონში უყურადღებობისთვის აკრიტიკებენ

გუშინ ვაშინგტონში „ჯეიმსთაუნის ფონდმა“ უმასპინძლა შეხვედრას თემაზე „ამერიკა, ევროპა და სამხრეთ კავკასია“. მთავარი მომხსენებლები იყვნენ „ჯეიმსთაუნის ფონდის“ ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი და თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ელჩი მეთიუ ბრაიზა.

ვლადიმირ სოკორმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ შეცდომებზე, რომელიც დასავლეთმა დაუშვა სამხრეთ კავკასიაში, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ენერგოპოლიტიკის მიმართ.

„ნატომ სამხრეთ კავკასიაში მატარებელი პრაქტიკულად ხელიდან გაუშვა. ნატო აღარ არის უსაფრთხოების გადაწყვეტის ფაქტორი ევროპის უშუალო მეზობლებისთვის, როგორიც უნდა იყოს უკრაინისთვის, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიისთვის. შორეულ სამხრეთ ოპერაციებზე ყურადღების კონცენტრირებით, ნატომ ევროპის უშუალო სამეზობლოში და გრძელვადიანი ენერგოდერეფნის რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნა დაუშვა,“ - განაცხადა ვლადიმირ სოკორმა.

მან ჩიკაგოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოახლოებულ სამიტზეც ისაუბრა. სოკორის თქმით, ნატოს სამიტები არც თვით განვითარების და არც შეცდომების აღიარების მიზნით არ ტარდება. თუმცა, სოკორი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მოხდეს მომხდარის განალიზება, თუ რა დაემართა ალიანსის პოლიტიკას ევროპის ახლო სამეზობლოში, რაც უნდა იქცეს ამ შეცდომის გამოსწორების დაწყების მცდელობად. ვლადიმირ სოკორმა ენერგოსადენების პროექტებზეც გაამხვილა ყურადღება.

„ნაბუქოს პროექტი, თავისი ძველი ფორმით, უნდა ვაღიაროთ რომ მკვდარია. მე ყურადღებას ვამახვილებ ძველ ფორმაზე. და მე ამ პროექტის მხარდამჭერი ვიყავი. ეს ყველამ იცის. ამ მდგომარეობამდე კი ნაბუქოს პროექტის ხელმძღვანელობის შეცდომებმა მიგვიყვანა. ეს შეცდომები ასევე მოიცავდა ვითარების აბსოლუტურ შეუფასებლობას, მშენებლობის დანახარჯების ჩათვლით, და კონსორციუმის ჩავარდნას, რომელიც გამოიწვია ამ პროექტიდან მსხვილი გაზის მწარმოებელი კომპანიების ამოგდებამ,“ - განაცხადა სოკორმა.

დასასრულს, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გადართული არიან უფრო მეტად ახალი ტიპის საფრთხეებზე, რაც იწვევს დასავლეთის ყურადღების შესუსტებას სამხრეთ კავკასიაში. ამან კი სოკორის აზრით, შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჯეიმსთაუნის ანალიტიკოსის განცხადებით, ამის დასტურია ის, რომ საქართველოს კვლავ ემუქრება აგრესიის საფრთხე. სოკორის განცხადებით, ის რომ კონფლიქტის სადემარკაციო ხაზებზე ევროკავშირის მონიტორინგსი მისიაა განლაგებული ეს არ ნიშნავს ქვეყნის დაცვას, რადგან ეს არის სამოქალაქო მისია. სოკორის განცხადებით, საქართველოს სჭირდება შესაბამისი შეიარაღება, რათა თავი დაიცვას შესაძლო აგრესიისგან. ასევე სოკორის აზრით, აუცილებელია საქართველოს სამხედრო ნაწილების გაწვრთნა ქვეყნის დასაცავად. „მართალია, ამერიკა ქართველ სამხედროებს წვრთნის, თუმცა მათი დანიშნულება არის შორეულ რეგიონებში ბრძოლა და არა ქვეყნის დაცვა,“ - აღნიშნა სოკორმა.

საქართველოს შესახებ თავის გამოსვლაში აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა მეთიუ ბრაიზამაც ისაუბრა.

„ჩემთვის მიუტევებელია, რომ თითქმის ოთხი წელი გავიდა, როგორც პრეზიდენტი ობამა უწოდებს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დღემდე ჩვენ საქართველოს არ ვაძლევთ უფლებას შეიძინონ ის იარაღი, რომელიც მათ სჭირდებათ ასეთი შეტევების მოსაგერიებლად. რუსეთის ძალები განალაგებული არიან თბილისიდან 24 მილში, ზუსტად უმთავრესი საგზაო ტრასის და რკინიგზის სიახლოვეს და ჩვენ დღემდე არ ვაძლევთ საქართველოს იარაღის შეძენის უფლებას,“ - განაცხადა ბრაიზამ.

ეს ვითარება კი, მისი აზრით, რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

XS
SM
MD
LG