ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინაური ცხოველების ბედი ამერიკაში


შინაური ცხოველების ბედი ამერიკაში

ამერიკელები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და სურთ, რომ მათი ცხოველებიც ასევე ცხოვრობდნენ,

შეერთებულ შტატებში შინაური ცხოველების ყოლა მუდამ პოპულარული იყო. ამერიკის შინაური ცხოველების ასოციაციის ინფორმაციით შინაური ცხოველი თითქმის ყოველ მეორე ოჯახს ყავს. ძირითადად ძაღლები ან კატები. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ცხოველთა პატრონები მათ მოვლაზე უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დებორა ბლოკი არკვევდა.

ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში ძაღლების სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ძაღლებს მთელი დღით ან მთელი ღამით ტოვებენ. დეკორატორი გეი ლინი სასტუმროს მუდმივი კლიენტია.

„ის ჩემი პატარა გოგოა და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ის კარგად იქნება, როცა სამსახურში ვარ, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ და არ მინდა სახლში მარტო დავტოვო,“- ამბობს გეი ლინი.

ამერიკელებმა შინაური ცხოველების მოვლაში გასულ წელს 50 მილიარდი დოლარი დახარჯეს რაც 23 პროცენტით მეტია 2007 წელს დახარჯულ თანხაზე.

ჩას რიჩარდსონი ალექსანდრიაში ძაღლების სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ მისი ბიზნესის მოგება 25 პროცენტით გაიზარდა.

„შინაური ცხოველების ინდუსტრია იზრდება. ჩვენი ბაზარი, ცხოველთა მოვლაც, შესაბამისად გაიზრდება,“ - ამბობს რიჩარდსონი.

ცხოველთა კვების ინსტიტუტის ხელმძღვანელი დუან ეკადალი ინდუსტრიის ზრდას იმას უკავშირებს, რომ ადამიანები შინაურ ცხოველებს ოჯახის წევრებივით ეპყრობიან. მისი თქმით, ამერიკელები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და სურთ, რომ მათი ცხოველებიც ასევე ცხოვრობდნენ, რაც კარგ კვებას და კარგ მოპყრობას გულისხმობს.

ძაღლის საკვები ყოველდღიურად არლინგტონში სპეციალურ საცხობში მზადდება. ხელმძღვანელი ქამალ მოჰამედი ამბობს, რომ საკვები ჯანმრთელი ინგრედიენტებით მზადდება.

„ჩვენ არ ვუმატებთ მარილს, შაქარს ან სხვა დანამატებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენს საკვებს ადამიანები თავისთვის ყიდულობენ“ - ამბობს მოჰამედი.

ჯუდი სმიტი აქ გამომცხვარ პროდუქტს თავის სამი ძაღლისთვის ყიდულობს. მას შინაური ცხოველების სამოგზაურო სააგენტოც აქვს და ამბობს, რომ ცხოველებთან ერთად უამრავი ადამიანი მოგზაურობს.

ვირჯინიაში ძაღლებისთვის სპეციალური სილამაზის სალონებიც მოქმედებს. სტუდენტი შანონ პარკერი ამბობს, რომ აქ დახარჯული ფული ნამდვილად უღირს და ეს მისთვის კარგი არჩევანია. როგორც სილამაზის სალონის მფლობელი ვიკი პიტმანი აცხადებს, ამერიკულ საზოგადოებაში ძაღლებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.

XS
SM
MD
LG