ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს მოსავლის დაახლოებით 20-დან 50 პროცენტამდე ადამიანებამდე ვერ აღწევს

მსოფლიოს სასურსათო პრობლემის შესახებ „უორლდვოჩ ინსტიტუტმა“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წელს მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობდა და დაახლოებით ამდენივე განათლების გარეშე იყო დარჩენილი. ინსტიტუტის დირექტორის დენიელ ნეირენბერგის განცხადებით, მილიარდი ადამიანის შიმშილობის მთავარი მიზეზი სურსათის ნაკლებობა არ არის.

„ჩვენ ვაწარმოებთ საკმარისზე მეტ საკვებს, რომელიც გამოსაკვებად არა თუ 7 მილიარდს არამედ 9 და 11 მილიარდ ადამიანსაც ეყოფა. 2050 წლისთვის, ჩვენ ველით, რომ მსოფლიო მოსახლეობა 9 ნახევარ მილიარდს მიაღწევს და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მათთვის საკმარის საკვებს. მაგრამ პრობლემა იმაშია, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ეს პროდუქტი იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება. სიღატაკე ადამიანებს კარგ კვებაში უშლის ხელს. მათ უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ მარცვლეულის მიღება, არამედ უნდა იკვებონ ხილით და ბოსტნეულით, რასაც რეალური კვება ქვია,“ - ამბობს ნეირენბერგი.

მისი თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ სურსათის დიდი ნაწილი უკვალოდ იკარგება. ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა სურსათი ქრება.

ნეირენბერგი ამბობს, რომ მსოფლიოს მოსავლის დაახლოებით 20-დან 50 პროცენტამდე ადამიანებამდე ვერ აღწევს და ეს უკვე მორალურ პრობლემასაც წარმოადგენს. ნეირენბერგის თქმით, სურსათის უაზროდ გაფლაგვის ხელის შეშლა მომხმარებლებსაც შეუძლიათ, თუკი ისინი სწორად დაგეგმავენ თავიანთ მოთხოვნილებებს.

კიდევ ერთი პრობლემა რომელიც კვლევაშია დაფიქსირებული, ეს არის საკვებში საჭირო ელემენტების დეფიციტი. მაგალითისთვის, დღეს სურსათში უკვე დეფიციტია ვიტამინი A, რკინა და იოდინი. ხოლო ამ ელემენტების დეფიციტმა კი შესაძლოა სხვადასხვა დავადებები გამოიწვიოს. ვიტამინი A-ს ნაკლებობამ ბავშვებში შესაძლოა მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს. ხოლო რკინის ნაკლებობა კი განსაკუთრებით ორსულების ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად.

„ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი ჯანმრთელ საკვებზე. შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემით პირველ ადგილზე დგას. ხოლო ამის მიზეზი კი ჯანსაღი პროდუქტის ნაკლებობაა,“ - ამბობს ნეირენბერგი.

მისი თქმით, ჯანსაღი პროდუქტის ხელმისაწვდომობას ასევე ხელს უშლის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრების ნაკლებობა და არახელსაყრელ ადგილებზე მდებარეობა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ნეირენბერგი იმედიანადაა განწყობილი.

მისი თქმით, სიღარიბის და შიმშილის დასაძლევად მსოფლიოში მრავალი ინოვაციური პროექტი იგეგმება და ხორციელდება, რაშიც განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებიც არიან ჩართული.

XS
SM
MD
LG