ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვიდი წელი ბესლანის ტრაგედიიდან


შვიდი წელი ბესლანის ტრაგედიიდან

დღე რომელიც კავკასიაში მუდამ ემახსოვრებათ

2004 წლის პირველი სექტემბერი რუსეთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღეა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს სტივ შაის ამ მოვლენის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთის მკვლევარმა მარშალ გოლდმანმა გაუზიარა.

„ყველაზე ემოციური ის არის, რომ ეს ტრაგედია სკოლის მოწაფეებს უკავშირდება. ცხადად გამოჩნდა, რომ ისინი უკან არაფერზე დაიხევდნენ,“ - ამბობს გოლდმანი.

ტერორისტებმა სკოლაზე შეტევა ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, პირველ სექტემბერს მიიტანეს. იმ დღეს მშობლებმა სკოლაში პირველად მიიყვანეს შვილები. ზეიმის დროს, 30-მდე ჩეჩენი და ინგუში ისლამისტი, რომლებიც სავარაუდოდ შამილ ბასაევის დაჯგუფების წევრები იყვნენ, სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა. ვიდრე 1100 ადამიანს მძევლად აიყვანდნენ, მათ რამდენიმე ზრდასრული ადამიანი მოკლეს. მძევლებს შორის 800 - მდე ბავშვი იყო.

52 საათის განმავლობაში მძევლები ფიზკულტურის დარბაზში ყავდათ გამოკეტილი, სადაც საშინელი უჰაერობა იყო. მძევლებს სასმელ წყალსაც კი არ აძლევდნენ. მესამე დღეს ტერორისტები რამდენიმე მძევლის გათავისუფლებას დათანხმდნენ. თუმცა, მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა, დარბაზში ცეცხლი გაჩნდა და სახურავი ჩამოინგრა. საპასუხოდ რუსეთის უშიშროების ძალებმა, რომელთაც ზურგს ტანკები უმაგრებდნენ, შენობის შტურმი დაიწყეს. სკოლაში ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რის შედეგადაც 340 მძევალი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა. ასობით დაიჭრა.

„მე ვფიქრობ ბესლანი კავკასიაში მუდმივად დარჩება. და არავინ იცის ახალი ძალადობა როდის წარმოიქმნება,“ - ამბობს გოლდმანი.

კავკასიის მომავალი მართლაც გაურკვეველია. თუმცა, რუსეთში იმედი აქვთ, რომ ბესლანის მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდება.

XS
SM
MD
LG