ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ახალი ლიდერის მოლოდინშია


რა შედეგებს მოიტანს ფრანსუა ოლანდის ეკონომიკური გეგმის განხორციელება?

ევროზონის ქვეყნებში წარმოქმნილი საბიუჯეტო კრიზისმა ბევრი ევროპელი ლიდერის კარიერა დაასრულა. მათ რიცხვს შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც დაემატოს. როგორც ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 6 მაისს სოციალისტი ფრანსუ ოლანდი გაიმარჯვებს. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი პარიზიდან იუწყება, ოლანდის გამარჯვების შემთხვევაში ანალიტიკოსებს სერიოზული კითხვები უჩნდებათ.

უკვე ოცი წელია, რაც საფრანგეთს სოციალისტი პრეზიდნეტი არ ყოლია. თუმცა ეს ვითარება შესაძლოა ერთ კვირაში შეიცვალოს, თუკი 6 მაისს სოციალისტი ოლანდი კონსერვატორ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაამარცხებს. პარიზში გაართულ პრესკონფერენციაზე, სოციალისტების კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა თავისი ეკონომიკური ხედვა ძალზედ ლაკონურად ჩამოაყალიბა - მდიდრებისთვის უფრო მეტი გადასახადები და ეკონომიკური ზრდისთვის უფრო მეტი დანახარჯები.

თუმცა მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პირველი საზრუნავი ევროზონის კრიზისის მოგვარება იქნება. ოლანდი ევროკავშირთან ფისკალური ხელშეკრულებაზე ხელახალ მოლაპარაკებას გეგმავს, რამაც მისი აზრით, ეკონომიკურ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ფრანსუა ოლანდის გეგმას მისი მომხრეები მხარს უჭერენ, რასაც ვერ ვიტყვით საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ოლანდის პირველ ტურში გამარჯვებამ სერიოზული დაეჭვება გამოიწვია. ეკონომიკის პროფესორი ტომაზ მიშალსკიც სიმშვიდის საბაბს ვერ ხედავს:

„პირველ რიგში, ოლანდი საფრანგეთში გადაჭრით აპირებს გადასახადების გაზრდას. მოკლე ვადიან პერსპექტივაში, გაზრდილი გადასახადები ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებს. თუმცა, სამომავლოდ ეს არ არის კარგი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს უნიჭობაა. საფრანგეთს ახალი ბიზნესების შექმნა და ახალი მეწარმეები ესაჭიროება.“

ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემა „ეკონომისტმა“ ოლანდის ეკონომიკურ გეგმას „საშიში“ უწოდა. ანალიტიკოსი ფილიპ უაითი ლონდონში ევროპული რეფორმების ცენტრში მუშაობს. ის ფიქრობს, რომ როცა ოლანდი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამ გეგმას მისივე გუნდიდან ბევრი გაუწევს წინააღმდებობას.

თუმცა, ეკონომიკის გაჯანსაღების ოლანდისეულ რეცეპტს მხარდამჭერებიც ყავს. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღავენლმა მარიო დრაგიმ ევროპულ მთავრობებს დანახარჯების შემცირებასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნისკენ და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. ასევე საფრანგეთში ბევრი ფიქრობს, რომ ფრანსუა ოლანდის ეკონომიკურ გეგმას ქვეყნის ვითარების შემობრუნება შეუძლია.

ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პირობებში საფრანგეთის ეკონომიკა მკვეთრად გაუარესდა და უმუშევრობამ 10 პროცენტს მიაღწია. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გლობალურ კრიზისში სარკოზის დადანაშაულება არასწორია. ევროპული რეფორმების ცენტრის ანალიტიკოსი უაითი, სარკოზის დამსახურებად თვლის რამდენიმე ძირეული რეფორმის გატარებას, მათ შორის საპენსიო ასაკის მომატებას. თუმცა, მისი აზრით, სარკოზის ნაკლი ის არის, რომ ევროზონის პოლიტიკის ლიდერის როლი გერმანიის კანცლერს დაუთმო.

„სარკოზის პრობლემა ის არის, რომ მას არ აქვს ეკონომიკური ხედვა. ის უფრო ქმედების კაცია. თუმცა, ის არ არის თანმიმდევრული. თუკი მისი პრეზიდენტობის ხუთ წელს დააკვირდებით, მას არ შეუქმნია სწორხაზოვანი ეკონომიკური გეგმა,“ - ამბობს უაითი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სარკოზის ან ოლანდის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში სხვა, მცირერიცხოვანი პარტიებიც ჩაერთვებიან. ფრანსუა ოლანდი იმედს მემარცხენე და ცენტრისტ ამომრჩეველზე ამყარებს, მაშინ როდესაც ნიკოლა სარკოზის იმედი აქვს, რომ მეორე ტურში მას მხარს რადიკალი მემარჯვენეებიც დაუჭერენ. ანუ ის ამომრჩევლები, რომლებიც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და ბრიუსელის კარნახით ცხოვრება არ სურთ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG