ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ეკონომიკის მდგომარეობა


იაპონიის ეკონომიკის მდგომარეობა

გაუძლებს თუ არა ქვეყანა უდიდეს კატასტროფას?

გასულ პარასკევს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ ბუნებრივ კატასტროფად შევა. უზარმაზარი ვალის და შემცირებული ეკონომიკის პირობებში, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შესანარჩუნებლად ბაზრის 183 მილიარდით დატვირთვა გადაწყვიტა, რათა ბანკებს საგანგებო მოქმედებისთვის მეტი სტიმული ქონდეთ.

„იაპონიის ბანკი ყველა ღონეს იხმარს ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობის და შესაბამისი ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის. ცენტრალური ბანკი და კომერციული ბანკები საკმარისი ცოცხალი თანხის უზრუნველყოფისთვის ერთად იმუშავებენ,“ - განაცხადა ცენტრალური ბანკის მმართველმა მასააკი შირაკავამ.

იაპონის ეკონომიკამ სამმაგი დარტყმა მიიღო - ძლიერი მიწისძვრა, სასიკვდილო ცუნამი და ბირთვული რეაქტორების დაზიანება, რაც ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსვლას საგრძნობლად ართულებს. ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხემ იაპონურ ქარხნებში პანიკა და შესაბამისად ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ნიკეის ინდექსის უკიდურესი დაცემა გამოწივია. იაპონელი ეკონომისტი ტაკუჯი ოკუბო ამბობს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა განსაკუთრებით მტკივნეულია ისეთი მძიმე მრეწველობის ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა.

„მე ვფიქრობ უდიდესი რისკი ეს ელექტროენერგიაა. თუკი იაპონია 10-20 პროცენტით დაკარგავს ელექტროწარმოების დონეს, ეს იქნება საგრძნობლად უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე,“ - განაცხადა ოკუბომ.

ეს უდიდესი დარტყმაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გასულ წელს იაპონიამ მსოფლიოში მეორე უდიდესი ეკონიმიკის ადგილი ჩინეთს დაუთმო. გადარჩენილთათვის ტრაგედია გრძელდება. 10 ათასზე მეტი ადამიანი დაღუპულია. მილიონობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სუპერმარკეტებში თაროები ცარიელია. ტოკიოს ჩვეულებრივ გადაჭედილ ქუჩებშიც გავლა თავისუფლად შეიძლება. კატასტროფის შედეგი ყველასთვის ნათელია. ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკის უმძიმესი პერიოდი მალე დაიწყება, როდესაც ბიზნესი და მრეწველობა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვა. თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ იაპონია შეძლებს დანგრეული ქალაქების და ინფრასტრუქტურის აღდგენას და იმ კრიზისის დამარცხებას, რომლის მაგვარიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვთ.

XS
SM
MD
LG