ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ცვლილებები სურთ


ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ცვლილებები სურთ
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ცვლილებები სურთ

ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ დაბრუნდება, ვიდრე ბაჰრეინის მეფე ქვეყანას საკონსტიტუციო მონარქიად არ გარდაქმნის

ქაიროში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ეგვიპტე უკვე ერთი კვირაა მუბარაქის გარეშე განაგრძობს ცხოვრებას. სულ რამდენიმე დღის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე ათობით ათასი ეგვიპტელი იყო გამოსული ქაიროს ქუჩებში.

როგორც ჩანს, ცვლილებების ქარი მთელ ახლო აღმოსავლეთს მოედო. ეგვიპტემდე ტუნისი იყო. დემონსტრაციების ტალღამ ახლა იემენში, ლიბიაში, სირიასა და ალჟირში გადაინაცვლა. საპროტესტო აქციები გაიმართა ირანშიც. ბაჰრეინის სამეფოში შიიტების უმრავლესობა სუნიტების დინასტიის წინააღმდეგ გამოვიდა. იქ ხელისუფლებამ დემონსტრაციის დასაშლელად ძალა გამოიყენა. უკანასკნელი მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

ხუთშაბათს ქვეყნის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ჯგუფმა პარლამენტი დატოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ დაბრუნდება, ვიდრე ბაჰრეინის მეფე ქვეყანას საკონსტიუციო მონარქიად არ გარდაქმნის და მთავრობა არჩევითი არ გახდება.

მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილების გამო, შედარებით დათმობებზე მიდის იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე. იგი აცხადებს, რომ არც თვითონ და არც მისი შვილი აღარ წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატურას მომავალ არჩევნებზე. დემონსტრანტებს კი, როგორც ეგვიპტეში, აქაც მეტი დათმობები სურთ: ახალი მთავრობა და განახლებული კონსტიტუცია.

მიშელ დანი კარნეგის მშვიდობის ფონდიდან აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ცვლილებები საკმაოდ რთული განსახორციელებელია:

“ხელისუფალმა, იმის მიუხედავად, მეფეა ის, თუ პრეზიდენტი, უნდა იფიქროს ძალაუფლების მეტად გადანაწილებაზე. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის სათავეშიც კი ბევრად უფრო მეტი ძალაუფლებაა კონცენტრირებული, ვიდრე სხვა პოლიტიკურ სისტემებში.“

ანალიტიკოსების თქმით, რეფორმა უნდა შეეხოს არამარტო პოლიტიკას, არამედ ეკონომიკას, სოციალურ სტრუქტურებს და განათლებას - რა თქმა უნდა, ადგილობრივი რელიგიურ-კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით.

ჰუსეინ ჰასოუნა არაბ ერთა ლიგის ელჩია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი თქმით:

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ საკუთარი ფასეულობები შეინარჩუნოს და არ სდიოს მისი კულტურისთვის უცხო პრინციპებს, იდეებს თუ ღირებულებებს.“

ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ რომ მინიმუმ ორ ქვეყანას - ტუნისს და ეგვიპტეს - დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ეყოლება. ეს ფაქტი კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არაბულ სამყაროში პოლიტიკის წარმართვის მეთოდები ეტაპობრივად შეიცვალოს.

XS
SM
MD
LG