ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თორგუდ მარშალი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ


თორგუდ მარშალი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ
თორგუდ მარშალი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

თორგუდ მარშალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში. როგორც ფერადკანიანთა ხელშეწყობის ეროვნული ასოციაციის ადვოკატს, მას ბევრი სასამართლო პროცესი აქვს მოგებული. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, ფაიზა ელმასრი გვატყობინებს, რომ ახლახან გამოცემული მისი წერილების კოლექცია შუქს ფენს ამ პერიოდის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მრავალ საინტერესო ასპექტს და თავად ბატონ მარშალს მის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად წარმოაჩენს.

როზა პარქსის მიერ მონტგომერის ავტობუსში ადგილის არდათმობა და მარტინ ლუთერ კინგის ხელმძღვანელი როლი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ბოიკოტში გარდამტეხ მოვლენენებად ითვლება სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიაში. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თითქმის 20 წლით ადრე ეს მოვლენები ახალგაზრდა დამწყები ადვოკატის, თორგუდ მარშალის, ფერადკანიანთა ხელშეწყობის ეროვნულ ასოციაციაში მოღვაწეობისას მომწიფდა.

მოვუსმინოთ მაიკლ ლონგს, ახალი წიგნის, „სამართლის მოწყობა: თორგუდ მარშალის ადრეული სამოქალაქო მოძრაობის წერილები“-ს, ავტორს.

“უსამართლობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მარტინ ლუთერ კინგის ფენომენი ცარიელ ადგილზე აღმოცენდა. მისი ლიდერად ჩამოყალიბება მოხდა გარემოში, რომელშიც რასობრივ დისკრიმინაციას საფუძველი უკვე მორყეული ჰქონდა. თვით როზა პარქსიც ფერადკანიანთა ხელშეწყობის ეროვნული ასოციაციის წევრი იყო. სწორედ თორგუდ მარშალი მოუწოდებდა ქინგს შეეტიათ სატრანსპორტო სისტემაში არსებული სეგრეგაციისთვის“.

ბატონი მარშალის 1936-1957 წლებში დაწერილი წერილები კარგად აჩვენებს მის განუზომელ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში. ოღონდ, მას არასოდეს სურდა ყურადღების მიქცევა და ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდა. მარშალი ფერადკანიანთა ხელშეწყობის ეროვნულ ასოციაციაში უფრო კვალიფიციური მრჩევლის, დამრიგებლის როლში გვევლინებოდა.

თორგუდ მარშალის წერილებში ნახავთ მის ბრძოლას სეგრეგაციის წინააღმდეგ რესტორნებში, ავტობუსებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მიმოწერა განათლების მაშინდელი სისტემის შესახებ. „ეს წარმოუდგენელია“, წერს იგი, „როგორ შეიძლება შავკანიანთა სკოლაში ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს პირველი კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით? შეუძლებელია იგი კვალიფიციური პედაგოგი იყოს“

„ის არაჩვეულებრივად წერდა. თავისი დროის ყველა მნიშვნელოვან ფიგურასთან ჰქონდა მიმოწერა: პრეზიდენტებთან, პოლიტიკოსებთან, გენერლებთან“

თუმცა წერილების ადრესატები უმეტესად მაინც ქვეყნის სამხრეთში მცხოვრები უბრალო ფერადკანიანი ამერიკელები არიან. მარშალი დიდი მოთმინებით კითხულობდა ხოლმე მათ წერილებს. ხშირად ძალიან ძნელი იყო მათი შინაარსის გაგება, რადგან მაშინ ფერადკანიანთა შორის წერა-კითხვა იშვიათად თუ ვინმემ იცოდა. ახალ წიგნში მარშალის ხასიათის ძალზე მგრძნობიარე და გულჩვილი მხარეც ჩნდება.

გამოცემის ავტორის, მაიკლ ლონგის, განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იმ ადამიანის წერილების შესახებ, რომლის ცხოვრება დღესაც გავლენას ახდენს ადამიანთა ბედზე. ის, რომ დღეს ბატონი ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ამაში გარკვეული წვლილი ადამიანის უფლებების დამცველ თორგუდ მარშალსაც მიუძღვის.

მაიკლ ლონგი იმედოვნებს, რომ სანამ თავისუფლება და თანასწორობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, თორგუდ მარშალის სიტყვები მუდამ აქტუალური იქნება და ყოველთვის შთააგონებს უსამართლობასთან მებრძოლ უუფლებო ადამიანებს დედამიწაზე.

XS
SM
MD
LG