ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიკილიქსის ქმედების საფრთხეები


ვიკილიქსის ქმედების საფრთხეები

არსებობს იმის საფრთხე, რომ დიპლომატებს აღარ შეეძლებათ თავიანთი სამუშაოს განხორციელება, რადგან დაიკარგება მათ მიმართ ნდობა და მათთან საუბარს არავინ ისურვებს.

სკანდალური ვებ-გვერდი „ვიკილიქსი“ კონფიდენციალური დოკუმენტების გამოქვეყნებას განაგრძობს. მათი უმეტესობა ამერიკის არმიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მიერაა მოპოვებული.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამ თემაზე შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა. სამთავრობო მოხელეები ჯერ კიდევ ადგენენ იმ ზარალს, რაც 2 თვის წინ ვიკილიქსის საიტზე ამერიკული დიპლომატიური საიდუმლო მიმოწერის გამჟღავნებამ გამოიწვია.

საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარმა გენერალმა ენტონი ზინიმ ამ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას ტრაგიკული მოვლენა უწოდა:

„ისინი ვინც ამას გამჭვირვალობის, სიტყვის და პრესის თავისუფლების სახელით აკეთებენ, შეცდომას უშვებენ, რადგან არ ესმით, თუ რა გართულებებს გამოიწვევს ეს საერთაშორისო დიპლომატიასთან ურთიერთობის სახით. ასევე ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს, იმ ხალხს ვინც რისკზე მიდის და უსაფრთხოების საკითხებსა და ადამიანთა უფლებებზე მუშაობს “ - განაცხადა ენტონი ზინიმ.

მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, ვინც თავის შეხედულებებს კონფიდენციალურად გამოთქვამს. ამ ადამიანებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ საკუთარ მთავრობებთან, საკუთარ საზოგადოებებთან. საიდუმლო ინფორმაციების გაჟონვამ კი შესაძლოა შექმნას ისეთი მტრული გარემო, რაც ამერიკის სამხედრო და დიპლომატიურ კადრებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლოურენს იგლბურგერი კი თვლის, რომ რასაკვირველია რისკი არსებობს, თუმცა დიპლომატების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ეს გადაჭარბებული შეფასებაა. მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ დიპლომატებს აღარ შეეძლებათ თავიანთი სამუშაოს განხორციელება, რადგან დაიკარგება მათ მიმართ ნდობა და მათთან საუბარს არავინ ისურვებს.

ვიკილიქსზე დადებული ზოგიერთი მასალა იტყობინებოდა იმის შესახებ, თუ როგორ უტარებდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტორი ინსტრუქტაჟს ამერიკელ დიპლომატებს, რათა მათ მოეპოვებინათ ვრცელი ინფორმაციები გაეროს მაღალჩინოსნების შესახებ, კომპიუტერების პაროლების, ანაბეჭდების და საკრედიტო ბარათის ნომრების ჩათვლით. იგლბურგერის თქმით, ეს ჩვეულებრივი და ნორმალური დიპლომატიური საქმიანობაა:

„ამით გამჟღავნდა რამდენიმე ჩვენი საიდუმლო. ამით გამჟღავდნა ის მეთოდები, რასაც დიპლომატები იყენებენ. როდესაც ხალხი ამბობს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო მდივანი აქეზებდეს დიპლომატების ჯაშუშურ საქმიანობას, მე მათ ვუპასუხებდი, ის ამას რომ არ აკეთებდეს, უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან “ - დასძინა იგლბურგერმა.

ის იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება იპოვნის გზებს და საშუალებებს, რათა მომავლში საიდუმლო დოკუმენტაციის გაჟონვის შესაძლებლობა თავიდან იქნეს აცილებული.

რაც შეეხება იმ მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გაჟონვა, ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებული ინფორმაციის განაწილების შედეგი, როდესაც ბევრ ადამიანს აღმოაჩნდა დაშვების უფლება საიდუმლო დოკუმენტებთან. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრენტ სკოუკროფტი მიიჩნევს, რომ ამან უკურეაქცია გამოიწვია:

„ინფორმაციის განაწილების პროცესში უნდა ყოფილიყო მონიტორინგის ისეთი სისტემა, რომელიც გამოავლენდა ინფორმაციის არასწორად გამოყენების ფაქტს. ვიკილიქსის საქმიანობის ერთერთი ცუდი შედეგი ისიცაა, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ადრეულ პერიოდს და ახლა ყველა სააგენტო შეეცდება, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები მის ფარგლებს მიღმა არ გავიდეს “- ამბობს სკოუკროფტი.

XS
SM
MD
LG