ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პოლიტიკური კრიზისი


ლიბანის პოლიტიკური კრიზისი
ლიბანის პოლიტიკური კრიზისი

2005 წელს ლიბანის პრემიერ მინისტრ რაფიკ ჰარირის სიცოცხლე სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებულმა ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა.

დღეს ლიბანის პარლამენტში ახალი პრემიერ მინისტრის შერჩევასთან დაკავშირებული კონსულტაციები დაიწყო.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მარგარეტ ბაშირი ბეირუტიდან იუწყება, ლიბანში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხავი ის გახლავთ, შესძლებს თუ არა დრუზების ლიდერი ვალიდ ჯუმბლატი ჰეზბოლას გავლენის ქვეშ მყოფ ოპოზიციას პარლამენტში დრუზების იმდენი ხმით უზრუველყოს, რომელიც საკმარისი იქნება ოპოზიციური ძალების მიერ ახალი პრემიერ მინისტრის დასანიშნად.

პარასკევს ვალიდ ჯუმბლატმა განაცხადა, რომ მისი პარტია სირიასა და ჰეზბოლას ემხრობა. თუმცა დრუზ პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ პარლამენტის 11 წევრი მისი პარტიიდან ოპოზიციურ ძალებს შეუერთდება. ლიბანურ გაზეთებში შაბათს გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, გვიან პარასკევს ჯუმბლატი მოძრაობა ჰეზბოლას ლიდერს ჰასან ნასრალას შეხვდა.

ლიბანელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პარლამენტში კონსულტაციების დაწყებამდე, კულისებს მიღმა პოლიტიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მოსალოდნელია, საპარლამენტო კონსულტაციები დღეს უნდა დაიწყოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კონსულტაციები შეიძლება უკვე მეორედ გადაიდოს.

თუ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც 8 მარტის ბლოკის სახელით გამოდიან, 128-წევრიან პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 65 ხმას მოიპოვებენ, მაშინ ისინი ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრემიერ მინისტრის ომარ კარამის კანდიდატურას დაასახელებენ.

კარამის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ადრეც ეკავა. როცა 2005 წელს ლიბანის პრემიერ მინისტრ რაფიკ ჰარირის სიცოცხლე სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებულმა ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა, კარამიმ პრემიერ მინისტრის სავარძელი დაიკავა. ჰარირის სიკვდილის შემდეგ კარამის პრო-სირიული მთავრობა ხალხის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ლიბანელების უმრავლესობა აფეთქებაში დამასკოს ადანაშულებდა. შედეგად კარამიმ პრემიერ მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირაში დატოვა.

თუ 14 მარტის კოალიციის სახელით, ცნობილმა და დასავლეთის ნდობით აღჭურვილმა საპარლამენტო ბლოკმა ლიბანის პარლამენტში ადგილების უმრავლესობა შეინარჩუნა, მაშინ პროდასავლური ძალები პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე, ხელახლად რაფიკ ჰარირის შვილს საად ჰარირის კანდიდატურას დაასახელებენ. აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს საად ჰარირიმ პრემიერ მინისტრობა დაკარგა იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრთა კაბინეტი დატოვეს, რის შედეგადაც საად ჰარირის მთავრობა დაიშალა.

ლიბანელებს შორის თუ ახლო აღმოსავლეთის ექსპერტთა წრეში ყველას აინტერესებს, თუ ვის დაუჭერს მხარს ვალიდ ჯუმბლატი და მისი მომხრე პარლამენტის წევრები.

ჯუმბლატის არჩევანთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს ექსპერტები გამოთქვამენ:

„ზუსტი ციფრების დასახელება ძნელია, მაგრამ ვფიქრობ მისი საპარლამენტო ბლოკიდან ექვსი ან შვიდი წევრი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ომარ კარამის დანიშნვას მხარს დაუჭერს. ჯუმბლატი საკუთარი საპარლამენტო ბლოკის ყველა წევრს კარამის სასარგებლოდ ხმის მიცემას ვერ აიძულებს, მაგრამ იგი კარამის დანიშნვნისთვის საჭირო ხმების რაოდენობას შეაგროვებს“ - აღნიშნავს ლიბანის ინგლისურენოვანი გაზეთის „დეილი სტარის“ რედაქტორი მაიკლ იანგი.

ბეირუტში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი იმად სალამეი ამ მოსაზრებას იზიარებს:

„ამბობენ, რომ ჯუმბლატი ჰარირის კანდიდატურის წინააღმდეგ შვიდ ხმას მოიპოვებს. თუმცა თანამდებობას ჰეზბოლას მიერ დასახელებული კანდიდატი დაიკავებს. ამდენად, ახალი პრემიერ მინისტრი ნომინაციას, ალბათ მხოლოდ ერთი ან ორი ხმით მოიგებს, რაც ძალიან ვიწრო მოგებას ნიშნავს “- დასძინა იმად სალამეიმ.

თუ დღეს ჯუმბლატმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ჰეზბოლას კანდიდატს დაუჭირა მხარი და ომარ კარამი ახალი პრემიერ მინისტრი გახდა, მაშინ ლიბანში დესტაბილიზაციის პერიოდი დაიწყება, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ექსპერტები შიშობენ, რომ ჰეზბოლას გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ლიბანს შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და რეგიონში სუნიტურ არაბულ სახელმწიფოებს ჩამოაშორებს, რასაც ლიბანში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

XS
SM
MD
LG