ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული ვექტორის საკითხი


უკრაინული ვექტორის საკითხი
უკრაინული ვექტორის საკითხი

რა კავშირია უკრაინიაში ოპოზიციის დასუსტებასა და მოსკოვის ინტერესებს შორის?

უკრაინის პოლიტიკური-ეკონომიკური ვითარებისადმი ანალიტიკოსების და მედიის ინტერესი ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ არ განელებულა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო აქტიურად ისმის კითხვა თუ საით არის გადახრილი უკრაინის პოლიტიკური ვექტორი და რამდენად შემცირდა, ან გაძლიერდა დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში.

ამასთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუკი „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის მიერ მომზადებულ მასალას გავეცნობით. სტატიის სათაურია „უკრაინის ოპოზიციია - იდეოლოგიური საფრთხე რუსეთისათვის.“ ავტორი ტარას ბურნოსი წერს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ერთადერთი ოპოზიციონერი არ არის, ვისაც უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქვს საქმე. 5 იანვარს უკრაინულმა სასამართლომ ორი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ტიმოშენკოს კიდევ ორ თანამებრძოლს. ესენი არიან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო და საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი მაკარენკო. მას ბრალი ედება კომპანია „როსუკრენერგოს“ მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის უკანონო განბაჟებაში.

მართალია, ამ ფაქტებს ზოგიერთი ანალიტიკოსი ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად აფასებს, თუმცა პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლება მოვლენებს სხგვაგვარად აფასებს. ასე მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანა გერმანმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერთა გარდა პროკურატურა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობითაც არის დაინტერესებული. მართალია გერმანი პრესას ამ სიის მიწოდებასაც დაპირდა, თუმცა მედიისთვის ეს ჩამონათვალი დღემდე არ არის ცნობილი.

უნდა ითქვას, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე უკრაინაში პირველად შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფლება რადიკალური მეთოდებით ცდილობს კორუფციასთან ბრძოლას. თუმცა, ეჭვმიტანილები ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსის ევგენი ჟერებეცკის განცხადებით, მჭიდრო კავშირი არსებობს უკრაინის შიდა პროცესებს და ქვეყნის პოსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციას შორის. აი რას ამბობს ბატონი ჟერებეცკი:

„რასაკვირველია, უკრაინა-რუსეთის დაახლოებას და უკრაინული ოპოზიციის დევნას შორის მჭიდრო კავშირია. უკრაინას სურს, რომ აიღოს ქვეყნის მართვის რუსული, ანუ საბჭოთა მართვის მოდელი. ეს კი ნიშნავს რომ ყველამ პირი უნდა აიკრას და ყველა უნდა გაჩუმდეს. ითვლება, რომ ასეთი მმართველობით ეკონომიკა იზრდება და მოქალაქეები კარგად ცხოვრობენ. თუმცა, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და არა ობიექტი, მხოლოდ თავისუფალ ხალხს შეუძლია.“

უკრაინული ვექტორის საკითხი
უკრაინული ვექტორის საკითხი

მისი თქმით, იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლამდე უკრაინული საზოგადოება მეტნაკლებად დასავლური ევროპულ სტანდარტებთან იყო მიახლოებული. იულია ტიმოშენკოს შესაძლო დაპატიმრების შესახებ კი ჟერებეცკი აღნიშნავს, რომ ეს აქტიური საზოგადოებრივი პროტესტის ჩაქრობას გამოიწვევს. მისი თქმით, ოპოზიცია რომელიც იუშენკოს და ტიმოშენკოს ყოფილი თანამებრძოლებითაა დაკომპლექტებული, ეს არ არის საბჭოთა პერიოდის დისიდენტური მოძრაობა, რომლის წევრებიც ბრძოლას ბოლომდე აგრძელებდნენ. ასე რომ, თუკი ტიმოშენკოს დააპატიმრებენ მისი ამჟამინდელი თანამებრძოლები სხვადასხვა მხარეს სწრაფად გაიქცევიან, რადგან ციხეში ჯდომა მათთვის მიმზიდველი ნამდვილად არ არის.

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა ამერიკულმა ცენტრმა „სტრატფორმა“, სადაც წერია, რომ რუსეთთან დაახლოება უკრაინის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა. ამასთანავე სტატიაში აღნიშულია, რომ რუსეთს უკვე აღარ სჭირდება უკრაინის საკითხის ძალისმიერ გადაჭრაზე ფიქრი, რადგან კიევში უკვე პრორუსული ძალები არიან ხელისუფლებაში.

პოლიტიკური ექსპერტი ანდრეი ოკარი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის და უკრაინის დაახლოების ასეთი ტემპი შეუძლებელი იქნებოდა, უკრაინაში რომ ძლიერი ოპოზიცია არსებობდეს. საერთაშორისო კვლევების და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი ტოლსტოვი თვლის, რომ უკრაინასთან ურთიერთობის განვითარება რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება. უფრო მეტზე გათვლა კი მოსკოვისთვის ამ ეტაპზე ჯერჯერობით ნაადრევია.



XS
SM
MD
LG