ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის კონსტრუქციული გადაწყვეტილება


თბილისის კონსტრუქციული გადაწყვეტილება
თბილისის კონსტრუქციული გადაწყვეტილება

"ჩვენ გვჭირდება დიალოგის დაწყება!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი .

მიხეილ სააკაშვილის განცხადება თბილისის პირობის შესახებ, რომ დეოკუპაციისა და უკანონოდ დაყოფილ საქართველოზე კონტროლის აღსადგენად, ოკუპანტი ძალების და მათი მარიონეტული რეჟიმების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად გადადგმულ მკაფიო ნაბიჯად შეაფასა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა, საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ეს არის კონსტრუქციული ნაბიჯი და პოზიტიური წვლილი იმ ძალისხმევაში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარებისკენ არის მიმართული.

"მზად ვარ მედვედევთან მოლაპარაკებებისთვის! ჩვენ გვჭირდება დიალოგის დაწყება!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი .

"სწრაფ შედეგებს ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ", თვლის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური :

”მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულია და მხარდაჭერილი ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მიერ, მაინც მგონია, რომ სწრაფი შედეგები ამ მიმართულებით არ იქნება. რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. მას არა ერთგზის განუცხადებია, რომ სააკაშვილმა დაკარგა ლეგიტიმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და ა.შ. მაგრამ საქართველო სააკაშვილის გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი და ის უმრავლესობა, რომელიც მას უჭერს მხარს, არის არჩეული საქართველოში ყველა დონეზე: საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის სახით, საპრეზიდენტო არჩევნებში არის მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ასევე ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამიტომ ის მცდელობები, რომ ”ჩვენ დაველაპარაკებით საქართველოს და არ დაველაპარაკებით საქართველოს ხელისუფლებას”, სრულიად ფუჭია”.

2010 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე ფართო გაყიდვაში გავრცელდა ”მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი”, რომელიც რუსეთის უმსხვილესმა გამომცემლობამ ”ოლმა მედია გრუპმა” გამოსცა, სადაც რუსეთის მიერ 2 წლის წინ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არიან დაფიქსირებული. ატლასის მოკლე ცნობარში საქართველოს შესახებ ნათქვამია : ”ქართველების გარდა საქართველოში ცხოვრობენ გარკვეული რაოდენობის სომხები, ოსები, აფხაზები, აზერაიჯანელები, რუსები” .

ნუგზარ წიკლაურის თქმით, როდესაც რომელიმე დიდი გამომცემელი ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხედავს, რომ მთელი მსოფლიო არ აღიარებს იმ ე.წ. რეალობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა:

”შეიძლება ავტორიტეტულ გამომცემლობას არ ჰქონდეს სურვილი ასეთ პოლიტიკურ ნიუანსებში და ინტრიგებში ჩაერთოს. არამედ გამოაქვეყნოს რეალობა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის. სწორედ ეს გააკეთა ”ოლმა მედია გრუპმა”. ამას მოჰყვა ნაციონალისტურად განწყობილი წრეების საპროტესტო რეაქცია... როგორც ეტყობა, შემდეგ ამ ორგანიზაციამ ზეწოლას ვეღარ გაუძლო, აიძულეს მთელი მილიონობით ტირაჟი ( იმიტომ რომ სკოლის სახელმძღვანელოა) ხელახლა დაებეჭდა. უკვე კორექტირებული,შესწორებული ვარიანტი გაევრცელებინა”.

XS
SM
MD
LG