ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ბოლო დროს 11 ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა


საქართველოში ბოლო დროს 11 ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა
საქართველოში ბოლო დროს 11 ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა

ბოლო ტერაქტის მცდელობა სამართალდამცველებმა 6 ივნისს აღკვეთეს.

თბილისი მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებს. საქართველოს შსს განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე საქართველოში განხორციელებული და განუხორციელებელი ტერაქტის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები.

ბოლო ტერაქტის მცდელობა სამართალდამცველებმა 6 ივნისს აღკვეთეს, შსს განცხადებით, დაკავებული ბადრი გოგიაშვილის ჩვენების მიხედვით, მას დავალებული ჰქონდა მოეძებნა თბილისში შენობა, რომელზეც ევროკავშირის ან აშშ დროშა იქნებოდა განთავსებული. დაკავებულმა გოგიაშვილმა თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი შეარჩია.

მოსკოვი საქართველოს ბრალდებებს უნიჭოდ დადგმულ პროვოკაციას უწოდებს..

” მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მიუხედავად იმისა, რომ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, მან სრულად ვერ განახორციელა თავისი გეგმა, ვერ მოახერხა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა, რუსეთი სხვა მეთოდების განხორციელებაზე გადავიდა ”- ამბობს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე .

” რუსეთის მიზანი დღევანდელ დღეს არის დივერსიული და ტერორისტული აქტების გაგრძელება, იმიტომ რომ რუსეთი სხვა მიმართულებითაც აპირებდა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას, კერძოდ პრორუსული , ანტიეროვნული ძალების წახალისებას ცდილობდა, მაგრამ 21-26 მაისის ფიასკოს შემდგომ რუსეთი კვლავ გააქტიურდა პირველი მიმართულებით, რომელიც დივერსიული და ტერორისტული აქტების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. რუსეთს გააჩნია ის ბერკეტი, მას ძალუძს დაიქირავოს გარკვეული ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს შემდგომში მათი შეგზავნა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე."

8 ივნისს დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი, სადაც მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტერაქტების ორგანიზების მცდელობა იყო. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვის გამო, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდეს. გიგა ბოკერიას თქმით, არანაირი კონკრეტული პასუხი ქართული მხარისთვის დასახელებულ ფაქტებზე რუსულ მხარეს არ გაუცია.

ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში ვასილ ჭყოიძის თქმით, მიზეზი, რის გამოც შეწყდა ჟენევის მოლაპარაკებები ცნობილია და რეაგირებაც ადეკვატური იქნება :

”მიზეზი ცნობილია, რის გამოც შეწყდა მოლაპარაკებები და გამოხმაურებაც იქნება ადეკვატური. დაიწყება საერთაშორისო გამოძიება, თუ რამდენად საფუძვლიანია ქართული მხარის პრეტენზიები. ბუნებრივია, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტერაქტები ნამდვილად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიგეგმმა. ასე რომ, რუსეთი აღმოჩნდება ძალიან წამგებიან მდგომარეობაში გამოჩნდება, რომ მას სურს დესტაბილიზაციის გამოწვევა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელებას არც ჟენევაში, არც სხვა ფორმატში აზრი არ აქვს”.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან იმართება ჟენევის შეხვედრები, კონკრეტული შედეგები ამ მოლაპარაკებებს არ მოუტანია :

”თითოეულ შეხვედრაზე რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს, რომ ქართულმა მხარემ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენენ, ისინი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ბუნებრივია ქართული მხარე ამას არასდროს არ დათანხმდება. რუსულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის და ცდილობს მოლაპარაკებათა პროცესის გაწელვას."

XS
SM
MD
LG