ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საზოგადოების მძაფრი რეაქცია


რუსეთის საზოგადოების მძაფრი რეაქცია
რუსეთის საზოგადოების მძაფრი რეაქცია

კაშინზე თავდასხმამ, რის შედეგადაც ჟურნალისტი სიკვდილის პირას აღმოჩნდა, პრეზიდენტ მედვედევის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

ჟურნალისტზე განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთში საკმაოდ გაბედული რეაქცია გამოიწვია - რუსები ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ აკრიტიკებენ.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მოსკოვის წამყვან ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმას, რუსეთში მისი ლიბერალიზაციის პროექტის პირდაპირ გამოწვევად მიიჩნევს.

თავდასხმის დროს, ორმა უცნობმა პირმა ჟურნალისტი ოლეგ კაშინი სასტიკად ცემა. ცემის შედეგად კაშინმა თავისქალის დაზიანება და თითების, ფეხებისა და ყბის მოტეხილობა მიიღო. თავდამსხმელებმა მას არც მისი iPhone-ი და არც საფულე წაართვეს.

გაზეთ „კომერსანტში“ მისი უფროსის თქმით, კაშინი ცემეს იმის გამო, რომ იგი ახალგაზრდების პროსამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ სკანდალს, კრიტიკულად აშუქებდა.

წარსულში რუსეთში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მკვლელობებს ოფიციალური პირები დუმილით ხვდებოდნენ. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, გასული ათწლეულის მანძილზე რუსეთში სულ 19 ჟურნალისტი მოკლეს.

მაგრამ კაშინზე თავდასხმამ, რის შედეგადაც ჟურნალისტი სიკვდილის პირას აღმოჩნდა, პრეზიდენტ მედვედევის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მან რუსეთის გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს გამოძიების მიმდინარეობაზე პირდაპირი მეთვალყურეობა უბრძანა.

სახელმწიფო ტელევიზიით, სადაც ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ, როგორც წესი, არაფერს ამბობენ, საინფორმაციო გამოშვებები სწორედ კაშინზე მომხდარი თავდასხმით იხსნებოდა.

სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგი დაპირება დადო:

„ეს ძალები უნდა ამოვიცნოთ. ის, ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, დაისჯება მისი თანამდებობის, სოციალური სტატუსისა თუ მისი დამსახურების მიუხედავად.“

პრეზიდენტის გულისწყრომას კიდევ უფრო აძლიერებს რუსული საზოგადოების რეაქცია ინტერნეტში მოთავსებული იმ 90-წამიანი ვიდეო ჩანაწერის მიმართ, რომელზეც ოლეგ კაშინის სასტიკი ცემაა აღბეჭდილი.

რუსეთის ლიბერალური ბლოგების ავტორების რისხვა გამოიწვია აგრეთვე ცნობამ იმის შესახებ, რომ გასულ კვირას და ორშაბათს უცნობმა თავდამსხმელებმა კიდევ ორი რუსი ჟურნალისტი ცემეს. საპასუხოდ ასობით რუსმა ჟურნალისტმა მთავრობას პეტიციით მიმართა, რომელიც ინტერნეტში მოთავსდა.

მოსკოვში მდებარე მედიის კვლევის ცენტრის კვლევითი განყოფილების დირექტორის ალექსანდრ მოროზოვის თქმით, თავდასხმები ჟურნალისტებზე „პრეზიდენტ მედვედევის წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ გამოწვევას“ წარმოადგენს.

მოროზოვი აღნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტ მედვედევის ლიბერალიზაციის პროექტს წარმატება უწერია, მაშინ თავდამსხმელები აუცილებლად უნდა მოიძებნონ და სამაგალითოდ დაისაჯონ.

შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა მმართველ პარტიას შეურაცხყოფა მიაყენა იმით, რომ ვეტო დაადო რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც საჯარო შეკრებებზე შეზღუდვების შემოღებას ითვალისწინებდა. ამ ახალი ლიბერალური ტენდენციის გაგრძელების მიზნით, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ლიდერი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჟურნალისტებზე თავდამსხმელების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სასჯელის შემოღებას ითვალისწინებს.

მაგრამ რუსეთში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ პრეს მდივნის ნატალია სერგეევას თქმით, რეალურად ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ჟურნალისტებზე თავდასხმებში მონაწილე პირები ციხეში აღმოჩნდებიან:

„თავისი პირველი გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აშკარად განაცხადა, რომ მას ჟურნალისტზე თავდასხმის გამოძიება სურს, მაგრამ პრეზიდენტს ადრეც უთქვამს მსგავსი რამ და ჩვენ შედეგებს წლებია ველით,“ დასძინა სერგეევამ.

კაშინის შემთხვევაში გამოძიებამ შეიძლება გამოააშკარავოს კავშირები სამთავრობო წრეებთან.

სამი თვის წინ კრემლის მომხრე ახალგაზრდულმა ჯგუფმა „მოლოდაია გვარდიამ“ საკუთარ ვებ გვერდზე მოათავსა ანგარიში სახელწოდებით „მოღალატე ჟურნალისტები: ის ვინც უნდა დაისაჯოს.“ ანგარიშში მოცემული იყო კაშინის ფოტოსურათი წარწერით „დაისჯება.“

შაბათს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის კაშინზე თავდასხმასთან დაკავშირებული განცხადებიდან სულ რამდენიმე წუთში, კაშინის ფოტო „მოლოდაია გვარდიას“ ვებ გვერდზე უცებ გაუჩინარდა. მის ნაცვლად ვებ გვერდზე მოათავსეს განცხადება, რომელშიც კაშინზე თავდასხმას „ბარბაროსული დანაშაული“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG