ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი პრეზიდენტი რუსეთისათვის


ერთი პრეზიდენტი რუსეთისათვის
ერთი პრეზიდენტი რუსეთისათვის

ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში პრეზიდენტის პოსტი აღარ იქნება

ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას იწყებს. თუმცა, როგორც ყოველთვის, „ინიციატივა“ თავად ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებიდან მოდის. ეს პოლიტიკური ცვლილება კი რესპუბლიკებში პრეზიდენტების პოსტების გაუქმებას გულიხმობს. ამ ნაბიჯისთვის უკვე ემზადება ჩეჩნეთის პარლამენტი, რომელიც სექტემბერში პრეზიდენტის პოსტს გააუქმებს და მის მაგივრად რესპუბლიკის მეთაურის ტიტულს შემოიღებს. შესაბამისად, რამზან კადიროვიც პრეზიდენტი აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით თავად რამზან კადიროვი გამოვიდა. მისი აზრით, ქვეყანაში, ანუ რუსეთში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა იყოს. მის წინადადებას მაშინვე და უყოყმანოდ დაუჭირეს მხარი დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტებმა. ისინი რუსეთის დუმას ერთობლივი განცხადებითაც მიმართავენ. ამ საკითხზე ჯერჯერობით დუმილს და ფიქრს ამჯობინებენ ჩრდილოეთ ოსეთის და ადიღეს რესპუბლიკების მეთაურები.

ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ საკმაოდ საინტერესო მასალა მოამზადა. ჟურნალისტი ფატიმა ტლისოვა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა უარი განაცხადა პრეზიდენტის სტატუსზე. ეს ის მამსუროვია, რომლის შვილებიც ბესლანის ტრაგედიის დროს ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ სკოლის შენობაში. მამსუროვმა ტერორისტების შეთავაზებაზე გაეთავისუფლებინათ მისი შვილები მტკიცე უარი განაცხადა. ორივე ბავშვი გადარჩა, თუმცა სკოლის შენობიდან სერიოზული ჭრილობებით გამოიყვანეს. მამსუროვთან დაკავშირებით, ფატიმა ტლისოვასთან საუბარში საინტერესო მოსაზრებას ავითარებს ჩრდილოკავკასიის საკითხების ანალიტიკოსი ვალერი ძუცევი. მისი აზრით, მოსკოვისათვის მამსუროვს, როგორც დაზარალებულს ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა იმ როლთან მიმართებაში, რაც ფედერალურმა ძალებმა ბესლანის ტრაგედიის დროს შეასრულეს. მისი მხრიდან კი, აუციელებელი იყო იმის დემონსტრირება, რომ მამსუროვს კრემლისადმი პრეტენზიები არ ქონდა. აღნიშნავს ძუცევი. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მამსუროვი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოვიდა პრეზიდენტის პოსტის გაუქმების ინიცატივით. თუმცა, მაშინ მისმა ჩრდილოკავკასიელმა კოლეგებმა მის ამ შეთავაზებას მხარი არ დაუჭირეს.

სხვა საკითხია, ადიღეს დუმილი. არასამათავრობო ორგანიზაციის - „ჩერქეზთა კონგრესის“ ხელმძღვანელი მურატ ბერზეგოვი ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადიღეს რესპუბლიკის ლიდერს ამ საკითხზე სხვა მოსაზრება აქვს და ის თავად კრემლის პოლიტიკით არის ნაკარნახევი. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ კრემლის 2006 წლის გეგმას, რომელიც ადიღეს რესპუბლიკის კრასნოდარის მხარესთან შეერთებას ითვალისწინებდა ადიღეელების მასობრივი პროტესტი მოყვა. იმ დროს დესტაბილიზაციის გავრცელების საფრთხე მეზობელ ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთშიც შეიქმნა. ამის საპასუხოდ კრემლმა უარი თქვა ადიღეს კრასნოდართან შეერთების გეგმაზე და ადიღე კონსტიტუციურად რესპუბლიკის სტატუსის ქვეშ დარჩა. თუმცა, ფაქტობრივად ის თავის ფისკალურ და ეკონომიკურ ურთიერთობას მოსკოვთან კრასნოდარის მეშვეობით ახორციელებს. ბერზეგოვი აცხადებს, რომ ნომინალურად, მაგრამ მაინც, ადიღე რესპუბლიკაა, ხოლო მისი ლიკვიდაციის მცდელობის გამეორებამ, შესაძლოა, მთელ რეგიონში უმართავი პროცესი გამოიწვიოს. ვალერი ძუცევი კი ფიქრობს, რომ ადიღეს მსგავსი „რბილი უნიფიკაციის“ მოდელი გამოყენებული იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკასთან მიმართებაში და ჩამოყალიბდება ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქი, რომლის ხელმძღვანელიც ალექსანდრე ხლოპონინი რესუბლიკის ლიდერის ფუნქციას შეითავსებს. თუმცა, ძუცევის აზრს არ ეთანხმება მოსკოვში „კარნეგი ცენტრის“ ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი. ის თვლის, რომ ასეთი ნაბიჯი ამ ეტაპზე პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება, რადგანაც რუსეთში დიდი საარჩევნო ციკლის პერიოდი იწყება და პოლიტიკური ელიტა ამჟამად ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებაზე მუშაობს. ამდენად, კრემლი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს რეგიონების ცენტრისადმი დამოკიდებულებაზე. მისი აზრით, რუსეთის რეგიონებში სტატუსთან დაკავშირებული ყველა ცვლილება ფორმალურ ხასიათს ატარებს. პეტროვი თვლის, რომ 2004 წლის შემდეგ რუსეთში, როგორც ფედერალურ სახელმწიფოზე საუბარი ცოტა არ იყოს ძნელია. სწორედ 2004 წელს იყო რეალიზებული ე.წ. ბესლანის პაკეტი, რაც რეგიონების ლიდერთა პირდაპირ არჩევნებს აუქმებდა. ფედერალიზმი, პეტროვის აზრით, უკვე მოშლილია და ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში პრეზიდენტების პოსტების გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული გაფორმებაა იმისა, რაც უკვე მოხდა.

XS
SM
MD
LG