ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვანტანამოს ციხის მომავალი გაურკვეველია


გვანტანამოს ციხის მომავალი გაურკვეველია
გვანტანამოს ციხის მომავალი გაურკვეველია

აშშ-ში დღესაც ვერ გადაუწყვეტიათ ის თუ როგორ უნდა მიუდგნენ იმ ტერორისტებს, რომლებიც გვანტანამოს ცენტრში ჰყავთ დაკავებული.

ამა წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებული ტერაქტებიდან მე-10 წლისთავი სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 10 წელი გავიდა ამ ტრაღიკული მოვლენებიდან აშშ-ში დღესაც ვერ გადაუწყვეტიათ ის თუ როგორ უნდა მიუდგნენ იმ ტერორისტებს, რომლებიც გვანტანამოს ცენტრში ჰყავთ დაკავებული. ერთიანი აზრი ვერ იქნა გამომუშავებული იმის თაობაზე მათი გასამართლება უნდა მოხდეს სამხედრო ტრიბუნალების თუ სამოქალაქო სასამართლოების მიერ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება იმის თაობაზე, რომ უნდა განახლდეს გვანტანამოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაკავებულთა გასამართლება სამხედრო ტრიბუნალების მიერ. მანამდე ეს პროცესი ორი წლით იქნა შეჩერებული. ეს განკარგულება კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ გვანტანამოს ეს ცენტრი უახლოეს მომავალში ნამდვილად არ დაიხურება. ზოგ სპეციალისტს კი მიაჩნია, რომ გვანტანამოს საკითხი ვერ გადაწყდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. პრეზიდენტის ამ განაკარგულების თანახმად ისევ განიხილავენ გვანტანამოს ცენტრში დაკავებული იმ 48 პატიმრის საკითხს, რომელთა გასამართლების ფორმა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - მათი გათავისუფლება საშიშია. პრეზიდენტის ამ განკარგულებაზე ახლახანს გამართულ ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე კითხვა დაუსვეს იუსტიციის მინისტრს ერიკ ჰოლდერს. აი რა თქვა მან:

-„ჩემის აზრით პრეზიდენტის ამ განკარგულებაში აისახა ამ პრობლემის ყველა ასპექტი. მან მხედველობაში მიიღო ჩვენი სურვილი შექმნილიყო მექანიზმი, რომლის ძალითაც ჩვენ შევძლებთ ამ ხალხის კვლავაც დაკავებას. ასე რომ დღეს ამოქმედებულია მექანიზმი, რომლითაც კვლავაც გაგრძელდება მათი დაკავება გვანტანამოში, თუმც დროდადრო ამ პატიმართა საქმეების განხილვაც მოეწყობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ისინი დაკავებული გვყავს იმ კანონის ძალით, რომელიც ომის შემთხვევაში მოქმედებს.“

2009 წლის იანვარში ობამამ გასცა ბრძანება ერთი წლის განმავლობაში დაეხურათ გვანტანამოს ციხე. ბარაკ ობამა ამ საკითხში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესის რესპუბლიკელებისაგან. ახლა ზოგი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ გვანტანამოს ციხე განუსაზღვრელი დროით უნდა დარჩეს ღია, სანამ თეთრი სახლი და კონგრესი არ შეჯერდებიან ამომწურავ იურიდიულ სტრატეგიაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას იმ ტერორისტთა საკითხი, რომლებიც გვანტანამოში ყავთ დაკავებული. აი რას აცხადებს ამის თაობაზე სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი:

-„გვანტანამოს ცენტრი არ უნდა დაიხუროს. იგი ერთადერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ ის პატიმრები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ დაზვერვის კუთხით ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვცენ. იმ რეფორმების წყალობით, რომლებიც ჩვენ გავატარეთ გვანტანამო დღეს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ციხეა. „

სენატორი გრემი და სხვა კანონმდებლები ფიქრობენ, რომ გვანტანამოში დაკავებულნი სამხედრო კომისიებმა უნდა გაასამართლონ. მეორეს მხრივ ობამას ადმინისტრაციას და ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ გვანტანამოში დაკავებულები სამოქალაქო სასამართლოებმა უნდა გაასამართლონ. ადამიანის უფლებების ქომაგთა ჯგუფები უკვე დიდი ხანია ზეწოლას ახდენენ ამერიკის მთავრობაზე, ან გაასამართლოს ან გაათავისუფლოს გვანტანამოში დაკავებულები.

2009 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა ჰოლდერმა გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორი ხალიდ შეიხ მოჰამედი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. ამ განცხადებას მოჰყვა ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკა, რის შედეგადაც დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ როგორ მიუდგნენ ამ საქმეს. სენატორ გრემს მიაჩია, რომ მოჰამედი სამხედრო კომისიამ უნდა გაასამართლოს.

გვანტანამოს ცენტრის ირგვლივ გაკეთებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხში ამერიკელთა აზრი ამ ორი წლის განმავლობაში შეიცვალა. როდესაც ობამა მოვიდა თეთრ სახლში ამერიკელეთა განსაზღვრული ნაწილი მხარს უჭერდა გვანტანამოს ცენტრის დახურვას. თუმც გასულ წელს გაირკვა, რომ დღეს ამერიკელთა უმეტესობა აღარ უჭერს მხარს გვანტანამოს ცენტრის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG