ამა წლის 19-სა და 20 ნოემბერს ლისაბონში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრა ტარდება. ნატოს ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ე.წ. ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ბოლო სტრატეგიული კონცეფცია 11 წლის წინ დამტკიცდა, მაგრამ როგორც ექსპერტები ამტკიცებენ მსოფლიო მკვეთრად შეიცვალა გასული 10 წლის განმავლობაში, რამაც თან მოიტანა ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა. ჩვენთან საუბარში ნატოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რობერტ ჰანტერმა აღნიშნა, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბებული იქნება ნატოს როლი უახლოეს მომავალში.
-„პირველ რიგში თვით ალეანსის თავდაცვის უნარიანობაზე გამახვილდება ყურადღება. ე.წ. მეხუთე პუნქტის მოვალეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას სამი მუშკეტერის პროვნციპი - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. მეორე - ტერიტორიების თავდაცვა ამიერიდან აღარ იქნება საკვანძო მნიშვნელობის ფუნქცია. ყურადღება გამახვილდება იმ საფრთხეებსა გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში. “
ჰანტერის თქმით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება კიბერსივრცის უშიშროებაზე. ახალი სტრატეგიული კონცეფცია ემყარება დოკუმენტს, რომელიც შეიმუშავა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ედგა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადელინ ოლბრაიტი. ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ახალ სტრატეგიულ კონცეფციას დამსწრეთ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გააცნობს.
ექსპერტების აზრით უმაღლესი დონის შეხვედრაზე განხილული იქნება ნატოს ოპერაციები ავღანეთში. ნატოს ამჟამად გაეროს მანდატით 130 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული ავღანეთში. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნატოს უპირველისი ამოცანა ავღანეთში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მხარდაჭერაა მის ძალისხმევაში სტაბილიზება მოუხდინოს მდგომარეობას ავღანეთში. ამას გარდა ნატო წვრთნის ავღანეთის არმიასა და პოლიციას. ნატო ავღანეთის სამხრეთში იღწვის იმისათვის, რომ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს თალიბთა მოძრაობას. ამის თაობაზე რობერტ ჰანტერმა თქვა, რომ ავღანეთის მსგავსი მდგომარეობა აღარ უნდა შეიქმნას და რომ ახლა მთავარია გაარკვიონ ის, თუ რა მიზნები უნდა დაისახოს ნატომ ავღანეთის შემდეგ.
ჩვენთან საუბარში ოჰაიოს ვესლის უნივერსიტეტის ნატოს ექსპერტმა შონ კეიმ აღნიშნა:
-„ის ფაქტი, რომ აშშ-ს მოუხდა დამატებით 30 000 ჯარისკაცის გადასროლა ავღანეთში იმაზე მიუთითებს, რომ ნატომ საკუთარი ძალებით ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და თუ ანატო ასეთ ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი საერთო სტრატეგიული კონცეფცია. „
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრაზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიმე ქვეყნიდან სამხედრო ნაწილების ავღანეთში გადაყვანაზე. თუმც, მოსალოდნელი, რომ ნატოს მაღალჩინოსნები მოითხოვენ მეტ სამხედრო სპეციალისტს, რათა გაწვრთნან ავღანეთის სამხედრო ძალები, რასაც 2014 წელს უნდა მოჰყვეს ავღანეთის უშიშროების სადავეების თვით ავღანეთის მთავრობისადმი გადაცემა.