ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა თავის გადაწყვეტილებას იცავს


პრეზიდენტი ობამა თავის გადაწყვეტილებას იცავს
პრეზიდენტი ობამა თავის გადაწყვეტილებას იცავს

რობერტ გეითსი: „ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებდა რევოლუციების მონაპოვარს ტუნისსა და ეგვპტეში“

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა უკვე აღიარა, რომ ლიბიაში ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები სასწორზე არ იდგა, ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ჩარევის გადაწყვეტილებას იცავს. დღეს ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის წინაშე სიტვით გამოვა და ლიბიაში მიმდინარე ამერიკის ძალისხმევაზე ისაუბრებს.

გუშინ, პენტაგონის თავკაცს კითხეს თუ რამდენად უქმნიდა საფრთხეს ამერიკას ლიბიაში მიმდინარე დაძაბულობა და სისხლისღვრა. გეითსმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამერიკისთვის ლიბიაში ჩარევა არ წარმოადგენდა სასიცოცხლო ინტერესს. თუმცა, ამაში იყო ჩვენი ინტერესი, რამდენადაც არაბულ ქვეყნებთან ჩვენი კონტაქტი, ისევე როგორც ევროპელებთან ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევში სასწორზე იდგა ზოგადად ჰუმანიტარული საკითხიც. ლიბიის აღმოსავლეთით და დასავლეთით უკვე რევოლუციები მოხდა. ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა კი პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებდა რევოლუციების მონაპოვარს ტუნისსა და ეგვპტეში. ეს ამერკის შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი იყო.“

სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა კი ყურაღება გაამახვილა შესაძლო სცენარზე, რომელიც ამერიკის ჩაურევლობას მოჰყვებოდა ლიბიაში: „წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ აქ ვყოფილიყავით და ბენღაზიში კი უდანაშაულო ადამიანები დახოცილიყვნენ. პირიქით, ამერიკა იქნებოდა პასუხისმგებელი ბევრის თვალში მომხდარისთვის.“

ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის დაწესებას ამერიკის სენატში წამყვანი სენატორის, რესპუბლიკელი ჯონ მაკეინის მხარდაჭერაც აქვს. მაკეინი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრია. ის ამბობს:

„ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ სასიცოცხლო ინტერესების დეფინიციის შესახებ. სრებრენიცაში, 1995 წლის სისხლისღვრის შემდეგ, ამერიკამ განაცხადა, რომ მსგავსი დანაშაულის განმეორებას აღარ დაუშვებდა. რუანდაში მომხდარის შემდეგაც იგივე ვთქვით. ჰოლოკოსტს ანალოგიური სიტყვებით დავუპირისპირდებით. ლიბიის ქალაქ ბენღაზის მისადგომებთან კადაფის ძალები იდგნენ და თავად ქვეყნის ლიდერმა თითოეული სახლის გაჩხრეკის და ხალხის დახოცვის პირობა დადო. მადლობა ღმერთს, რომ არასაფრენი ზონის ძალაში შესვლიდან თერთმეტ საათში ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ.“

როგორც ცნობილია, ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - საზღვარგარეთ კონგრესის თანხმობის გარეშე ძალის გამოყენებაზე წასულიყო - არაერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა გააკრიტიკა. მაკეინი კი პირიქით, მთელი ეს პერიოდი თეთრ სახლს მოუწოდებდა აღეკვეთა ლიბიაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ლიბიაში მიმდინარე ოპერაციების პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ ამერიკა სამხედრო ოპერაციებს თანდათანობით შეამცირებს. კითხვაზე, დასრულდება თუ არა ლიბიის კამპანია წლის ბოლომდე, პენტაგონის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.

დღეს საღამოს ვაშინგტონში პრეზიდენტი ობამა სიტყვით მიმართავს ამერიკელ ხალხს ლიბიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. კონგრესმენთა ნაწილი ამ ფონზე აცხადებს, რომ ტრიპოლის წინააღმდეგ ამერიკის მოქმედებები და მიზნები გარკვევით არ არის ჩამოყალიბებული

XS
SM
MD
LG