ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიტერორისტული ზომების ეფექტურობა და ლეგიტიმურობა


ანტიტერორისტული ზომების ეფექტურობა და ლეგიტიმურობა
ანტიტერორისტული ზომების ეფექტურობა და ლეგიტიმურობა

წარმატებული ოპერაციების მიუხედავად "დრონების" გამოყენების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

ალ-ყაიდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ტერორის ქვეშ დიდი ხნის მანძილზე ამყოფებდა. მისი წევრების მოქმედება ყოველთვის მოულოდნელი იყო და უმეტესად მსხვერპლით მთავრდებოდა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით ალ-ყაიდას ბირთვი სამხრეთ აზიაში დღეისათვის საგრძნობლად შესუსტდა. დაჯგუფების ლიდერთა ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი გაქცეულია და იმალება.

ანტიტერორისტულ ღონისძიებათა წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელსაც დრონს უწოდებენ. მაგრამ ოპერაციების თანმიმდევრულობასთან ერთად თავად მათი ლეგიტიმურობა ექსპერტებს შორის მრავალ კითხვას ბადებს.

სპეციალისტების აზრით ალ-ყაიდას მთავარი დასაყრდენის შესუსტება ავღანეთში და პაკისტანში ეჭვგარეშეა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაჯგუფების ლიდერის, ბინ ლადენის ლიკვიდირება მოხერხდა.

„თუკი მათზე ზეწოლას გავაგრძელებთ, მიგვაჩნია, რომ ალ-ყაიდას ბირთვს ჯიჰადისტთა გლობალურ ორგანიზაციაში მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება “ - აცხადებს ჯეიმს კლაპერი, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი.

როდესაც ამერიკა ზეწოლის გაგრძელებაზე საუბრობს, მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უპილოტო თვითმფრინავებს, დრონებს გულისხმობს. ანტიტერორისტულ შეტევებზე საუბრისას პრეზიდენტმა ობამამ ახლახან საკმაოდ გულახდილი განცხადება გააკეთა:

„ბევრი შეტევა აშკარად პაკისტანის ფედერალური ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე მოხდა. მათი მიზანი ალ-ყაიდას სავარაუდო წევრების დევნა იყო, რომლებიც ურთულეს მაღალმთიან რეგიონში, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე იმყოფებოდნენ. მათზე სხვა ტიპის შეტევა რომ განგვეხორციელებინა, ბევრად უფრო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია უნდა ჩაგვეტარებინა, ვიდრე ის, რასაც ამერიკა დღეს მიმართავს“ .

პრეზიდენტი ობამა ამ განცხადებაში სწორედ დრონებს გულისხმობს. შეერთებული შტატების ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ მსგავსმა მეთოდმა შესაძლოა მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს:

„უმეტესად ისინი ალ-ყაიდას და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ძალიან ზუსტ დარტყმას ახორციელებენ. და ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც შეტევის პირობებს ვგეგმავთ“ - ამბობს ის.

თავდაცვის სპეციალისტი, ტომას ლინჩი აცხადებსს, რომ პაკისტანის და ავღანეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში ალ-ყაიდას დასუსტებაში დრონებმა, როგორც შეტევის მთავარმა ინსტრუმენტმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. თუმცა, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ დრონებმა შესაძლოა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოს და ტერორისტთა დარჩენილი ლიდერების ლიკვიდაცია ვეღარ შეძლოს:

„ეს ადამიანები გარეთ აღარ იმყოფებიან და ამიტომ დრონების შეტევის მათ აღარ ეშინიათ. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის ასეთი მოცემულობაა. მათ გაკვეთილი კარგად ისწავლეს. სავარაუდოდ ისინი ამჟამად უფრო გაშლილ, მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ტერიტორიაზე არიან, სადაც პაკისტანის დახმარების და ხელშეწყობის გარეშე მარტო ვერაფერს გავაწყობთ“ - აცხადებს ექსპერტი.

კონტრტერორისტული ოპერაციების და იმ მეთოდების შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს, შესაძლოა მრავალი შეკითხვა გაჩნდეს. გვესაუბრება ტომ პარკერი, ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ვაშინგტონის ფილიალის თანამშრომელი:

„მთავარი საკითხი ის არის, თუ რამდენად აქვს შეერთებულ შტატებს უფლება საკუთარი თვითმფრინავები სუვერენული ქვეყნების ტერიტორიაზე გაუშვას და იქ ადამიანების ლიკვიდაციის პროცესი განახორციელოს“ - აცხადებს უფლებადამცველი და დასძენს, რომ ამერიკას არც ერთ-ერთი უკანასკნელი შეტევის მთავარი მიზანი განუმარტავს. არავინ იცის, რა იყო ეს: თავდაცვა, თუ ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული საომარი ოპერაცია.

„საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი გლობალურად იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები იტოვებს ადამიანების მოკვლის უფლებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თუკი ის მათ ტერორისტებად მიიჩნევს. დღეს ეს პაკისტანი და იემენია, ხვალ კი სავარაუდოდ მექსიკა, პარიზი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, გვატემალა, ან თუნდაც თავად ამერიკის ქუჩები იქნება. ეს ყოველივე საგანგაშოდ მეჩვენება“ - აღნიშნავს ტომ პარკერი ორგანიზაციიდან "საერთაშორისო ამნისტია".

უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ობამას და გენერალურ პროკურორს - ერიკ ჰოლდერს დაბეჯითებით სთხოვენ ფარული ოპერაციების განხორციელების საქმეში მეტი ნათელი შეიტანონ.

XS
SM
MD
LG