ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასურსათო პრობლემები და კლიმატური ცვლილებები


სასურსათო პრობლემები და კლიმატური ცვლილებები
სასურსათო პრობლემები და კლიმატური ცვლილებები

გაეროს ახალ ანგარიშზე საერთაშორისო კონფერენცია იმსჯელებს

გაეროს მდგრადი სოფლის მეურნეობის და კლიმატური ცვლილების კომისიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. თვის ბოლოს სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში გლობალური დათბობის საკითხებზე გაეროს კონფერენცია გაიმართება. სასურსათო უსფრთხოების და ბუნებრივი გარემოს ურთიერთმოქმედების შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯო დე კაპუა არკვევდა.

გაეროს სოფლის მეურნეობის კომისიაში 13 ქვეყნის მეცნიერები არიან გაერთიანებული. კომისია მოიცავს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ვაჭრობის, საკვები პროდუქტების და ეკოლოგიის სფეროებს. შესაბამისად მეცნიერებიც ამ დარგების ექსპერტები არიან. შარშანდელი წელი კომისიამ კლიმატური ცვლილების შედეგების ანალიზს დაუთმო. ეს შედეგები - სურსათზე ფასების ზრდა, ჰუმანიტარული კატასტროფები და პოლიტიკური მღელვარებები - ყველა ერთად სურსათის უსაფრთხოებაზე მოქმედებს. კომისიის დასკვნით კლიმატური ცვლილება მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს.

ბრიტანელი მეცნიერი, პროფესორი ჯონ ბედინგტონი კომისიის თავმჯდომარეა.

„არსებული ვითარება უბრალოდ მიუღებელია. მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის მიწოდებული სურსათი არ არის უსაფრთხო. მილიარდი ადამიანი შიმშილობს და ნამდვილ სიღატაკეში ცხოვრობს. კიდევ ერთ მილიარდს არ გააჩნია შესაბამისი კვება. ასევე ერთი მილიარდი ადამიანს ქრონიკული ავადმყოფობები აქვს სურსათის ზედმეტი მოხმარების გამო,“ - ამბობს პროფესორი ბედინგტონი.

მისი თქმით, ფართო მოხმარების საგნებზე ცვალებადი ფასები მოსახლეობის სიღატაკის კიდევ ერთი მიზეზია.

„ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე ჩვენ ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მოწმენი ვართ, მანამდე კი სურსათზე ფასების შემცირება მიდიოდა. ამ ზრდამ კი რეალური პრობლემები წარმოშვა და სიღატაკეს შეუწყო ხელი. 2007-2008 წლებში ფასების ზრდის შედეგად ასობით მილიონი ადამიანი გაღატაკდა. 2010-11 წლებში ფასების კიდევ უფრო მეტი მატების გამო დამატებით 40 მილიონი ღატაკი მივიღეთ,“ - ამბობს ბედინგტონი.

მისი აზრით, ამის ერთერთი მიზეზი არის კლიმატური ცვლილებები. ბედინგტონი ამბობს, რომ სათბური გაზების ატმოსფეროში გავრცელება გაგრძელდება, რაც მომავალი 20-30 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილებას კიდევ უფრო დააჩქარებს. კლიმატური ცვლილების თვალსაჩინო მაგალითი აფრიკაში ხანგრძლივი გვალვებია, რაც რეგიონისთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა.

დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობა უკვე 7 მილიარდია. არსებული პროგნოზით 2050 წლისთვის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს. კომისიის წევრი მეგან კლარკი ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს ხელმძღვანელია. მისი თქმით, მოსახლეობის ზრდა სურსათზე მოთხოვნას გააძლიერებს.

„გამოწვევა, რაც ჩვენ გლობალურად გველის საკმაოდ რთულია აღსაქმელადაც, რადგან ჩვენ 2050 წლისთვის სურსათის წარმოება 30-დან 80 პროცენტამდე უნდა გავზარდოთ და ამავე დროს უნდა შევამციროთ სათბური გაზების ნახევარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ჩემი შვილები 60 წლის ასაკს მიაღწევენ , ჩვენ დაგვჭირდება იმდენი სურსათის წარმოება, რაც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს კი უდიდესი გამოწვევაა,“ - ამბობს კლარკი.

კომისიის წევრის და მექსიკის ეკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ადრიან ფერნანდესის თქმით, დურბანში დაგეგმილი კონფერენციის კიდევ ერთი მთავარი საკითხი იქნება დაფინანსების პრობლემის გადაჭრა და რესურსების მობილიზება.

კომისიამ შვიდი რეკომენდაციაც შეიმუშავა. ესენია სურსათის უსაფრთხოების გლობალური და ეროვნული პოლიტიკის შეჯერება; სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდა; სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზრდა და ამავე დროს გარემოზე გავლენის შემცირება.

ასევე მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის დახმარების გაწევა რათა მათ შეძლონ კლიმატურ ცვლილებასთან გამკლავება და სურსათის პრობლემის შემცირება. ასევე კომისიის რჩევით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ელემენტარული საკვები პროდუქტები და ეს შესაბამისობაში უნდა იყოს მოხმარების დონესთან. ასევე უნდა შემცირდეს დანაკარგები სურსათის წარმოების სფეროში და შეიქმნას ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა.

ამ საკითხებზე დურბანში შეკრებილი კონფერენციის მონაწილეები 29 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG