დღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა საბიუჯეტო პროექტებზე მსჯელობა განაახლეს, რომლებიც ქვეყანას სესხის ლიმიტის გაზრდის საშუალებას მისცემს. საბოლოო ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება.
ორშაბათს პრეზიდენტმა ობამამ სპეციალური სატელევიზიო მიმართვა გააკეთა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკელ კონგრესმენებს, რომ თუკი ისინი 2 აგვისტომდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.
პრეზიდენტის გამოსვლამდე რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ და დემოკრატიულმა სენატმა ბიუჯეტის შეკვეცის ორი სრულიად განსხვავებული პროექტი წარმოადგინა. ბატონმა ობამამ მხარი დემოკრატიული ფრთის მიერ შემუშავებულ გეგმას დაუჭირა, რომლის მიხედვითაც ხარჯი 2.7 ტრილიონით შემცირდება და სესხის ლიმიტი მომავალი წლის ნოემბრის არჩევნებამდე გაიზრდება.
რესპუბლიკელთა ლიდერმა -ჯონ ბეინერმა- საპასუხო სატელევიზიო გამოსვლაში დემოკრატების პროექტს „ცრუ ბუღალტერია“ უწოდა. სენატში კი მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკელების გეგმა მხოლოდ დროებითი გამოსავალია და პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას ხელს არ უწყობს.