ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ რამსფელდი მემუარებს აქვეყნებს


Donald Rumsfeld

დონალდ რამსფელდი აშშ-ის ისტორიაში მეორე პიროვნებაა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო აშშ-ს თავდაცვის მდივანი.

დონალდ რამსფელდი აშშს ისტორიაში მეორე პიროვნებაა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო აშშ-ს თავდაცვის მდივანი. მისი მოღვაწეობა ამ დარგში დაიწყო რამოდენიმე თვით ადრე 2001 წელს განხორციელებულ ტერაქტებამდე და დასრულდა 2006 წლის შუალედური არჩევნებისას. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს იგი ხელმძღვანელობდა ავღანეთში და ერაყში შეჭრის ოპერაციებს. ახლახანს გამოიცა მისი მემუარები, რომელშიც ავტორი საუბრობს იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებზე, რომელიც მის მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებს ეხება. ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი აღიარებს იმას, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი მისი თავდაცვის მინისტრობისას 2004 წელზე მოდის, როდესაც გავრცელდა ერაყის აბო ღრაიბის ციხეში გადაღებული ფოტოსურათები, რომლებშიც ასახულია ის თუ როგორ აწამებენ ამერიკელი სამხედროები ტყვეებს.

-„სულ მოულოდნელად გავრცელდა ეს ფოტოგრაფიები, რაც შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. ამ დროს უნებურად გებადება ის აზრი, რომ ამ ტყვეებისადმი ასეთი სასტიკი მოპყრობით მავანნი ჩირქს სცხებენ იმ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენს არმიაში მსახურობენ. ეს ფაქტი იყო გულისამრევი და ამან ჩემზე შესაბამისად იმოქმედა.“

ამ ამბავს მოჰყვა საერთაშორისო სკანდალი. ყველა დაინტერესდა იმით თუ რა რეაქციას აკეთებდა ამაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანი. ამან თან მოიტანა ის, რომ რამსფელდმა გადადგომის თხოვნით მიმართა ჯორჯ ბუშს.

-„მან თავიდანვე უარი მითხრა გადადგომაზე. არც მეორე დღეს დათანხმდა ამ გადადგომაზე და არც მესამე დღეს. მე ისევ მივმართე მას გადადგომის თხოვნით და აუხსენი მას, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენა შეცდომა იყო და ვიღაცას უნდა ეკისრა პასუხისმგებლობა მომხდარისათვის.“

მის ახლახანს გამოცემულ მემუარებში რამსფელდი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ბუშს უნდა დაეკმაყოფილება მისი თხოვნა გადადგომის შესახებ. მისი მემუარების სათაურია „ცნობილი და უცნობი“. ეს სათაური აღებულია 2002 წლის თებერვალში პენტაგონში პრეს-ბრიფნგისას ერთ-ერთი რეპორტიორის კითხვაზე გაცემული პასუხიდან, რომელიც ეხებოდა ტერორისტული ორგანიზაციების კავშირებს სადამ ჰუსეინთან. ამ ბრიფინგიდან ერთ წელიწადში აშშ-ს ინიციატივით მოხდა ერაყში კოალიციური ჯარების შეჭრა, რომელიც ეყრდნობოდა დაზვერვის არასწორ ინფორმაციას იმის თაობაზე თითქოს სადამ ჰუსეინს გააჩნდა ქიმიური იარაღი. როგორც რამსფელდი ამტკიცებს იგი დარწმუნებული იყო, რომ დაზვერვითი მონაცემები სწორი იყო, რადგანაც ემთხვეოდა იმ აზრებს, რომლებსაც სხვა ქვეყნების ლიდერები გამოთქვავდნენ.

-„მახსენდება ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრა, რომლის დროსაც მან თქვა, რომ სადამ ჰუსეინი ნამდვილად გამოიყენებს ქიმიურ იარაღს აშშ-სა და კოალიციური ძალების წნააღმდეგ, რაც უფრო ახლოს მიხვალ ბაღდადთან. ამ აზრს ყველა იზიარებდა რეგიონში.“

რამსფელდი აღიარებს იმას, რომ ყველა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ვერ აღმოაჩინეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი. ბოლო დროს კი მოხდა სრული დისკრედიტაცია იმ სადაზვერვო მონაცემებისა, რომლის გამოც ერაყში შეჭრა მოხდა. თუმც რამსფელდი სულაც არ ნანობს იმას, რომ ერაყთან ომი დაიწყო. კოალიციურმა ძალებმა სადამ ჰუსეინის დამხობის ამოცანა შეასრულეს. იგი მიიმალა, მაგრამ 2003 წელს ჰუსეინი პატიმრობაში აიყვანეს. სადამ ჰუსეინი გაასამართლეს და 2006 წელს სიკვდილით დასაჯეს. რაც შეეხება ავღანეთს მას შემდეგ რაც რამსფელდის უწყებამ 2001 წლის ოქტომბერში ომი დაიწყო ავღანეთში იგი დღესაც გრძელდება.

დონალდ რასფელდმა თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006 წელს დატოვა. კერძოდ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უმრავლესობის სტატუსი დაკარგეს კონგრესის ორივე პალატაში. რესპუბლიკელების დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ამერიკელების უკმაყოფილება იმის გამო, რომ ერაყის ომში არანაირ წინსვლას არ ჰქონდა ადგილი, ხოლო იქ დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. რამსფელდი ამჟამად ნიუ მექსიკოს შტატში ცხოვრობს, ხოლო მისი მემუარებიდან ამოგებული ფული სამხედრო დარგში ქველმოქმედებას ხმარდება.

XS
SM
MD
LG