ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლა კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფია


შეერთებული შტატები შეშფოთებულია ირანისა და სირიის მხარდაჭერით აღჭურვილი ტერორისტული ჯგუფი ჰეზბოლას საფრთხის გამო.

კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა კონტრტერორისტული საქმიანობის სფეროში დენიელ ბენჯამინმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა ტექნიკური თვალსაზრისით კვლავინდებურად ყველაზე უნარიანი ტერორისტული ჯგუფია მსოფლიოში.“

ამასთან დაკავშირებით დენიელ ბენჯამინმა აგრეთვე აღნიშნა:

„ამ ჯგუფს ეკისრება ამერიკელების წინააღმდეგ ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება ისტორიაში. ჰეზბოლას როგორც კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის გავლენა ლიბანში, ამ ორგანიზაციის მჭიდრო კავშირი ირანსა და სირიასთან, და ამ სახელმწიფოების მიერ სულ უფრო სრულყოფილი ჭურვებისა და რაკეტების მზარდი რაოდენობით გადაცემა ჰეზბოლასთვის შეერთებული შტატების, ლიბანისა და რეგიონში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ინტერესებს საფრთხეს უქმნის.“

ბატონი ბენჯამინი აღნიშნავს, რომ ჰეზბოლას საქმიანობა გლობალურ ასპარეზზე დესტაბილიზაციას ხელს უწყობს.

„ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში, უცხოელი ტურისტებისთვის ცნობილ კურორტებზე თავდასხმის ორგანიზებასა და შეიარაღების უკანონო გადაზიდვაში დადანაშაულებული ჰეზბოლას წევრების გასამართლება ამ ტერორისტული ჯგუფის მზარდი ამბიციებისკენ მიგვითითებს. ხოლო ერაყში ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰეზბოლა შიიტების გასამხედროებულ დაჯგუფებებს დახმარებას უწევს წევრების გაწვრთნასა და სხვა სფეროებში რათა მათ კოალიციური ძალების წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელონ,“ აღნიშნა დენიელ ბენჯამინმა.

ბატონი ბენჯამინის თქმით, „ჰეზბოლას ქსელი ევროპასა და კავკასიას მოიცავს.“ მაგალითად მან მოიყვანა ბაქოში ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც ჩაიშალა. მან ამერიკის მოკავშირეებს, ევროკავშირის ჩათვლით, მოუწოდა „შეწყვიტონ ყველანაირი კონტაქტი ჯგუფთან და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.“

ბატონმა ბენჯამინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უარყოფს იმ არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ჰეზბოლას სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს შორის თითქოსდა დიდი სხვაობა არსებობს. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ჰეზბოლასთან რაიმე დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას გამორიცხავს.

მხოლოდ მაშინ როცა ჰეზბოლა უარს იტყვის ტერორისტულ საქმიანობაზე, როცა ორგანიზაცია უარს იტყვის უდანაშაულო პირების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, და როცა ის შეერთებული შტატების მოკავშირეებს აღარ დაემუქრება, შეერთებული შტატების მთავრობა ამ ჯგუფის მიმართ პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობას გაითვალისწინებს, განაცხადა ბატონმა ბენჯამინმა. სხვაგვარად, მისი თქმით, ჰეზბოლასთან მოლაპარაკებების წარმართვა „ჩვენს მიზნებს კონტრ-ტერორისტული საქმიანობის სფეროში ძალიან დიდ ზიანს მოუტანს.“

XS
SM
MD
LG