ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური ნარკოინდუსტრია- მსოფლიო პრობლემა


რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას საბჭოთა მაგალითისკენ მოუწოდებს

ავღანური ნარკოტიკები საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ამის შესახებ სინგაპურში მიმდინარე აზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. მისი თქმით, თალიბები და სხვა ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, სწორედ ნარკობიზნესიდან იღებენ ფინანსებს.

„ავღანეთის მოსახლეობის უმრავლესობა ოპიუმის კულტივაციასა და წარმოებაშია ჩართული. ოპიუმის, რომელიც შემდეგში ჰეროინად გარდაიქმნება. ნარკოტიკები კი ამბოხებულთა დაფინანსების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს,“ - განაცხადა ივანოვმა.

ავღანელი ფერმერები ჰეროინის მსოფლიოში არსებული საერთო რაოდენობის 90 პროცენტს აწარმოებენ. ოპიატების კონტრაბანდა კი ძირითადად ჩრდილოეთის მარშრუტებით ხდება, ჯერ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შემდეგ რუსეთში, იქიდან კი უკვე ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ეს რეგიონები, რასაკვირველია, მარტო მარშრუტებად არ გამოიყენება - „სიკვდილის ქარავნები“ აქ თავის კვალს ტოვებენ.

ივანოვის განცხადებით ოპიუმის მოხმარებას რუსეთზე საკმაოდ დიდი და უარყოფითი გავლენა გააჩნია. რუსეთის ფედერაციაში ნარკომანიისგან ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი იღუპება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოებას ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და პირველ რიგში ისინი, ვინც პასუხისმგებლობა იკისრა ავღანეთში სტაბილურობის დამყარებაზე, კერძოდ, საერთშაშორისო უსაფრთხოების ძალები, უნდა გააქტიურდნენ და დაიწყონ ბრძოლა ნარკოტიკების წარმოების და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ,“ - მოუწოდა ივანოვმა კონფერენციას.

რუსეთის ვიცე-პრემიერის გამოსვლა სინგაპურის კონფერეცნციაზე, ბევრმა შეერთებული შტატების და ნატოს კრიტიკად შეაფასა. ივანოვის თქმით, როდესაც ავღანეთში საბჭოთა ოკუპაცია წარუმატებლად დასრულდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება. მანამდე კი, საქმე სხვაგვარად იყო.

ივანოვმა საერთაშორისო თანამეგობრობას სწორედ საბჭოთა მაგალითისკენ მოუწოდა, როდესაც მოსკოვი ავღანეთში სოფლის მეურნეობის და სხვა კულტურების მოყვანაში დებდა ფულს, ხოლო შემდეგ, ამავე პროდუქციას თავად ყიდულობდა ავღანელი ფერმერებისგან იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ღირდა. ივანოვის თქმით, მართალია საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთში ხელს უწყობს სხვა, ნორმალური კულტურების განვითარებას, მაგრამ ეს მცდელობა საკმარისი არ არის. ამ საქმეში წვლილის შესატანად კი ივანოვმა რუსეთის სახელით მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი ავღანეთში თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის. ამის მიზეზი კი საბჭოთა კავშირის ეპოქის მწარე გამოცდილებაა, რამაც რუსეთის მოსახლეობის მეხსიერებაში დღემდე წარუშლელი კვალი დატოვა.

XS
SM
MD
LG