ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი - რუსეთის აბსოლუტური პრობლემა


ჩინეთი - რუსეთის აბსოლუტური პრობლემა
ჩინეთი - რუსეთის აბსოლუტური პრობლემა

დოქტორი სტივენ ბლენკი რუსეთის გამოწვევებზე საუბრობს

რუსეთში მიმდინარე პროცესები და მოსკოვის ისტებლიშმენტის პერსპექტივები ბევრი ანალიტიკოსის მსჯელობის თემაა. დოქტორი სტივენ ბლენკი პენსილვანიაში ომის კოლეჯში სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ის რუსეთის თემაზე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს.

ბატონ სტივენ ბლენკთან საუბარი რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო პროგნოზით დავიწყეთ. ვინ იქნება რუსეთის მომავალი ლიდერი: ისევ მედვედევი თუ ისევ პუტინი?

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დააყენებს არჩევნებში თავის კანდიდატურას. ამ პირებიდან ჯერ არცერთს უთქვამს, თუ რომელი იყრის კენჭს. მე ვფიქრობ, თუკი პუტინი მოინდომებს პრეზიდენტობას, გახდება კიდეც. ერთ რამ რაც ნათელია, ეს არის მათ შორის არსებული პაექრობა იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი პოლიტიკა რუსეთში, თუმცა ამას ღიად არცერთი აკეთებს. მედვედევმა ისიც კი თქვა, რომ მას ვერ წარმოუდგენია თავის თავი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ, ჯერ ბევრი რამე გარკვეული არ არის. ამ ეტაპზე მხოლოდ ღმერთმა იცის თუ რომელი მათგანი დააყენებს კანდიდატურას არჩევნებში. ამდენად, ჯერ იმის თქმა, თუ ვის აქვს გამარჯვების შანსი ნაადრევია, რამდენადაც არ ვიცით ვინ აპირებს პრეზიდენტობას,“- განაცხადა სტივენ ბლენკმა.

მისი თქმით, მმართველი ელიტა არ დაუშვებს იმას, რომ ორივე მათგანმა დააყენოს კანდიდატურა, რადგანაც ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მმართველი ელიტა არის გაყოფილი. ეს კი თავისთავად რეფორმების დაწყების მოთხოვნის საფუძველი გახდება, რაც მმართველ კლასს ძალზედ აშინებს. ამდენად, დოქტორ ბლენკის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილავთ ან მედვედევს ან პუტინს.

შეკითხვაზე, თუ რა არის რუსეთისთვის უთავრესი პრობლემა: დემოგრაფია, ეკონომიკა, დემოკრატია თუ გავლენის დაცემა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბატონმა ბლენკმა განაცხადა:

„თუკი სტრატეგიულად შევხედავთ, ეს საკითხები ყველა ერთად წარმოადგენს პრობლემებს. დემოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. ამას უდიდესი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, რადგანაც მართალია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა კატასტროფულად არის შემცირებული შრომის ბაზარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომატებულია განათლებული ახალგაზრდა რუსების ემიგრაციაში წასვლის მაჩვენებელი. ამის გადასაფარად, მთავრობას ჩამოყავს იაფი მუშახელი ცენტრალური აზიიდან. თუმცა, მათ არ შეუძლიათ კვალიფიციურ სამსახურში მუშაობა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის დაკარგავს, ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის ნიშნავს იმას, რომ აღარ შეუძლიათ იმპერიის როლის შესრულება, რაც მათთვის სახელმწიფოებრიობის გაგების ერთადერთი ფორმაა. მათ ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლება რუსეთი იყოს დიდი სახელმწიფო ნეოკოლონიალური ტიპის იმპერიის გარეშე დსთ-ს სივრცეში. ეს კი ერთადერთი სივრცეა, სადაც რუსეთს კონკურენციის უნარი გააჩნია. ამავდროულად, ამ სივრცეში წინაპლანზე გამოდის ჩინეთის როლის ზრდა, რაც რუსეთისთვის აბსოლუტურ პრობლემას წარმოადგენს.“

რაც შეეხება რუსეთის გადაიარაღების პროცესს და სამხედრო-სამრეწველო სექტორის თანამედროვე რელსებზე გადაყვანას, ბატონი ბლენკის აზრით, ამის უმთავრესი მიზანი სამხედრო ძალმოსილების მოდნერიზებაა და არა მხოლოდ ბიზნესის კეთება, რადგანაც რუსეთის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ მათ სამხედრო ძალის გაუმჯობესება მართლაც ესაჭიროებათ.

შეკითხვაზე, თუ რა სტადიაზე იმყოფება რუსულ-ამერიკული ურთიერთობები და მუშაობს თუ არა გადატვირთვის პოლიტიკა, ბატონა ბლენკმა აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა კვლავ მოქმედებს. ამის მთავარი მიღწევა იყო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების გაფორმება და თანამშრომლობა ავღანეთის საკითხზე. ასევე რუსეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა შეერთებულ შტატებს ირანის საკითხში. თუმცა, ამავდროულად გადატვირთვის პოლიტიკით ევრაზიაში ხდება რეგიონალური საკითხების იგნორირება, რაც რუსეთს რეალურად აფიქრებინებს, რომ ეს მისი გავლენის სფეროა და ამაში შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს.

XS
SM
MD
LG