ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ქურთები


ქურთული კულტურის, ენის და ეროვნული იდენტობის იგნორირება სირიაში უკვე დიდი ხანია გრძელდება

ქურთები სირიაში ყველაზე მსხვილ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ იმედი აქვთ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობაში დაეხმარებიან. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯულიან მაკკელოგი არკვევდა.

თურქეთში სირიის საზღვართან ახლოს, ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე კარვების ქალაქია გაშლილი. აქ სირიელი ქურთი დევნილი ჯივანი თავის ოთხი წლის შვილთან ერთად აფარებს თავს. იაილდაგის ბანაკში ძირითადად სირიელი არაბები ცხოვრობენ, რომლებიც სამოქალაქო ომს გამოექცნენ. ამიტომ ქურთი ჯივანისთვის აქ ცხოვრება ცოტა ძნელია.

„დიდი ხნის მანძილზე მე ჩემს თვისტომებთან ვცხოვრობდი, მაგრამა ახლა ამათთან ვარ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ნელნელა ვეგუები,“ - ამბობს ჯივანი.

ის ძალიან მძიმედ აღწერს იმ ყოფას, რასაც სირიაში ყველაზე დიდ უმცირესობა - ქურთები განიცდიან. უმცირესობა, რომელთა საერთო რაოდენობა სირიაში 2 მილიონს აღწევს. მათი კულტურის, ენის და ეროვნული იდენტობის იგნორირება სირიაში უკვე დიდი ხანია გრძელდება. 1962 წელს სირის მთავრობამ მოქალაქეობა ჩამოართვა 100 ათასზე მეტ ქურთს. სირიის ხელისუფლება მათ ბრალს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დებდა. ამჟამად მოქალაქეობის არმქონე ქურთების რაოდენობ 300 ათას აღწევს. თუმცა ამბოხების დაწყებამდე სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოქალაქეობა 200 ათასზე მეტ ქურთს მიანიჭა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. წარსულში გადატანილი ჩაგვრით შეშინებული ქურთები ფიქრობენ, რომ დროა ასადის რეჟიმი დასრულდეს.

სირიაში ქურთული დემოკრატიული პარტიის ლიდერი აბდულაჰიმ ბაშარი ფიქრობს, რომ სირიის მთავრობა უკვე არალეგტიმურია. ის მხარს უჭერს სირიაში პოსტ-ასადისეული ეპოქის დადგომას, თუმცა ამ პროცესშიც ქურთებისთვის ბევრი გამოწვევა არსებობს.

„არაბებმა უნდა გაიგონ, რომ სირია მარტო მათ არ ეკუთვნით. მათ არ უნდა შექმნან რევოლუციის საკუთარი დღის წესრიგი,“ - ამბობს ბაშარი.

ქურთული პარტიების გაერთიანებული ბლოკი სირიაში კონსტიტუციურად არსებობს და გადატანილი ჩაგვრისთვის კომპენსაციას ითხოვა. ასევე მათ დემოკრატიულ პროცესში ჩართვა სურთ. ისინი სეკულარიზმის იდეას და დეცენტრალიზებულ მთავრობას უჭერენ მხარს. ასევე არ სურთ, რომ ქვეყნის ოფიციალურ დასახელებაში სიტყვა არაბული ფიგურირებდეს.

ლონდონში მოქმედი ჰენრი ჯეკსონის საზოგადოების წევრი მაიკლ ვაისი ამბობს, რომ ქურთები სირიის უმთავრესი უმცირესობაა.

„ძნელი წარმოსადგენია რევოლუციის წარმატება ქურთების მონაწილეობის გარეშე,“ - ამბობს ვაისი.

თუმცა, საპირისპირო მოსაზრებას ავითარებს ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკოსი რობერტ ლოვი. ის თვლის, რომ სირიის ოპოზიცია ქურთების გარეშეც შეძლებს წარმატების მიღწევას. თურქეთის-სირიის საზღვართან დევნილთა ბანაკში კი, ქურთი ჯივანი პოლიტიკაზე არ ფიქრობს. მას უბრალოდ სურს რომ შვილთან ერთად თავისუფალ სირიაში დაბრუნდეს.

XS
SM
MD
LG