ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო, უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებებს არ ასრულებს.


ეუთო, უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებებს არ ასრულებს.
ეუთო, უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებებს არ ასრულებს.

ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკის ხმის უზბეკურმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრესისა და საზოგადოებრივი ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელს ქალბატონ ვირჯინი კულუდონს.

სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვები იმის თაობაზე, რომ ეუთო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, უსაფრთხოების სფეროში საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს. როგორც ცნობილია, ყირგიზეთი ეუთოს წევრი-სახელმწიფოა ისევე როგორც შუა აზიის სხვა სახელმწიფოები თურკმენეთის გარდა. კითხვაზე თუ რატომ არ აკეთებს არაფერს ეუთო ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში მშვიდობის დამყარების ან სიტუაციის ნორმალიზაციის მიზნით, ქალბატონმა კულუდონმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია ვალდებულებები უსაფრთხოების სფეროში, მაგრამ ჩვენ არ წარმოვადგენთ სამხედრო ორგანიზაციას. ჩვენ სამხედრო ჩარევა უბრალოდ არ შეგვიძლია რადგან არ გაგვაჩნია სათანადო მშვიდობისმყოფელი ძალები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტის, მათ შორის ჰუმანიტარული და სამხედრო ასპექტების, განხილვა 56 წევრ-სახელმწიფოსთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ, ეუთოში გაწევრიანებულია შეერთებული შტატები, რუსეთი, კანადა, როგორც თქვენ ბრძანეთ შუა აზიის სახელმწიფოები, ისევე როგორც ევროკავშირი. ჩვენ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით რადგან 56-მა წევრმა სახელმწიფომ შეიმუშავა მოწოდება, რომელიც ყირგიზეთში მშვიდობის აღდგენას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება. ამდენად ჩვენი ორგანიზაცია კონკრეტული ზომების მიღებასთან დაკავშირებულ შეთავაზებას შეიმუშავებს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის სამართალდამცავი საქმიანობა, სახელმწიფო საზღვრის კონტროლი და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა. მაგრამ ყოველივე ამის განხორციელება შეუძლებელია წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თანხმობის გარეშე.“

წელს ეუთოს ყაზახეთი თავჯდომარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ინიციატივების პაკეტის განხორციელებას ყაზახეთი უნდა გაუძღვეს. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა კულუდონმა აღნიშნა:

„მართალს ბრძანებთ, წელს ეუთოს ყაზახეთი თავჯდომარეობს. როგორც მოგეხსენებათ ეუთოს თავჯდომარეობა ყოველ წელს იცვლება. ხოლო მომავალ წელს, მაგალითად, ორგანიზაციას ლიტვა გაუძღვება. ამდენად პოლიტიკური ინიციატივა ყირგიზეთში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ნამდვილად ყაზახეთს ეკუთვნის.“

კულუდონის თქმით ჯერ კიდევ აპრილში ეუთოს ყაზახმა თავჯდომარემ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო წარგზავნილი ჟანიბეკ კარიბჯანოვი მიავლინა, რომელსაც დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმართვა დაევალა. გასულ კვირას ბატონი კარიბჯანოვი ისევ ჩავიდა ყირგიზეთში. ამდენად ბიშკეკში ამჟამად ეუთოს ყაზახი საგანგებო წარგზავნილი იმყოფება და მას დროებით მთავრობასთან კრიზისთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ევალება. ამას გარდა ბიშკეკსა და ოშში ფუნქციონიებს ეუთოს მუდმივი წარმომადგენელი.

რაც შეეხება ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირსა და ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარზე მყოფ ათასობით უზბეკ ლტოლვილთა საზარელი პირობების გაუმჯობესებას ახლო მომავალაში, ქალბატონმა კულუდონმა დასძინა:

„რასაკვირველია საჭიროა, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს საზღვრისპირა რაიონებს. როგორც მოგეხსენებათ, იქ ძალზედ რთული მდგომარეობა შეიქმნა და პირობები დღითიდღე უარესდება. ეუთოს მუდმივმა საბჭომ უკვე განაცხადა, რომ არსებობს იმის საშიშროება, რომ დაძაბულობა სხვა რეგიონებსაც მოედება. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ სამხედრო ორგანიზაცია და ამდენად ჩვენი ძალებით ვერაფერს შევძლებთ. ჩვენ წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის შექმნას ხელს ვუწყობთ, რათა ძალადობა უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ამჟამად გაერო და ეუთო ბიშკეკში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას კოორდინაციას უწევენ.“

XS
SM
MD
LG