ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის აგენტები და საქართველოს პოლიტიკური პარტიები


რუსეთის აგენტები და საქართველოს პოლიტიკური პარტიები
რუსეთის აგენტები და საქართველოს პოლიტიკური პარტიები

საქართველოში რუსეთის აგენტობის დაბრალება დღემდე აქტუალურია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად იყო უცნაური მოვლენები, მაგრამ ამ ბოლო ხანს ქართველი პოლიტიკოსების მიერ გამოჩენილმა უპრინციპობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართველ პოლიტიკოსებს წესად ექცათ ერთმანეთის დადანაშაულება ყველა ამ ქვეყნიურ ცოდვებში. მართალია 20 წლის წინათ შემოსული ზოგიერთი სტერეოტიპი ამჟამად მოდაში აღარ არის, მაგრამ ერთმანეთისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება დღესაც აქტუალურია, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საფუძველს მოკლებული.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა გააჩაღეს, გუშინდელმა თანამებრძოლებმა ერთმანეთი ყველა ამ ქვეყნიურ ცოდვაში ამხილეს, დაწყებული სუკის აგენტობით დამთავრებული სამშობლოს მოღალატეობით.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ქართველი პოლიტიკოსებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იმავე რუსეთის სამხედრო ძალა და გავლენა გამოეყენებინათ.

საქართველოს ხელისუფლებაში მრგვალი მაგიდის მოსვლის შემდეგ, შეიარაღებული ოპოზიცია „მხედრიონის“ სახით სწორედ რუსების დახმარებით მოიშორეს თავიდან. შავნაბადაზე მხედრიონის ბაზა შტურმით აიღეს რუსების სპეცდანიშნულების რაზმებმა ე.წ. ღამურების პოლკის მეთაურობით. ამ ოპერაციაში ათობით რუსული ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა მონაწილეობდა. როგორც ცნობილია საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ რუსებს ამ საქმეში ფულიც გადაუხადა.

მოსკოვმა მოახერხა სამაჩაბლოში ოსებსა და ქართველებს შორის სისხლისღვრის პროვოცირება. კრემლი აშკარად უჭერდა მხარს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შექმნილ ფაშისტურ ორგანიზაციებს „ადამონ ნიხასის“ და „აიდგილარას“ სახით.

შემდეგ იყო გეკაჩეპეს ამბოხება მოსკოვში და საქართველოს ეროვნული გვარდიის გაუქმება იმდროინდელი პრეზიდენტის მიერ, რასაც მოჰყვა ამ გვარდიის ამბოხება და თბილისის ომი, რომელშიც რუსები იარაღით ამარაგებდნენ მოწინააღმდგე მხარეებს და ამბოხებულებს უჭერდნენ მხარს.

თბილისში სამხედრო გადატრიალების წარმატების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ იყო განწყობილი რუსებმა კარგი საბაბი გამონახეს საქართველოში მდგომარეობის შემდეგომი დესტაბილიზაციისთვის.

მოსკოვი სამაჩაბლოში უკვე არსებული დაპირისპირების პარალელურად აფხაზი სეპარატისტების ხელით აწარმოებდა სამეგრელოში დაუმორჩილებლობის მოძრაობის მხარდაჭერას. ასეთ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფო საბჭომ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალური ვერსიით აფხაზეთში სატრანსპორტო მაგისტრალების დასაცავად შეიარაღებული დაჯგუფებები შეიყვანა.

ამას მოჰყვა სისხლიანი დაპირისპირება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, რომლებიც კრემლის ხელში უბრალო იარაღად გადაიქცნენ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკის შედეგად სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველოში ახალი ძალით განახლდა სამოქალაქო ომი, რომელიც იმავე რუსების ჩარევით შევარდნაძის ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა. სამაგიეროდ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაეროს სამშვიდობოების მანდატით მოქმედების საშუალება მიეცათ, საქართველომ კი დე-სე-თე-ში ამოჰყო თავი.

ამის შემდეგ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სათავეში პირდაპირ რუსების აგენტები მოვიდნენ და უკვე ღიად ლაპარაკობდნენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლით დატოვების შესახებ, როდესაც დაიწყო რუსეთ ჩეჩნეთის პირველი ომი, რომლის შედეგებმა განაპირობა კიდეც მოსკოვის პოლიტიკური კურსის კრახი სამხრეთ კავკასიაში და ამ რეგიონში დასავლეთის სახელმწიფოების უფრო აქტიური მოქმედება. საქართველო გადაიქცა უცხოეთის სპეცსამსახურების გაძლიერებული ინტერესის ობიექტად.

ამის შემდეგ საქართველოში ფაქტიურად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არ არსებობის გამო საერთოდ შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა ვინ ვისი აგენტი იყო, თუმცა პარტიებს შორის მიმდინარე ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთის აგენტობაში დადანაშაულება კვლავაც ერთ-ერთ მრისხანე იარაღად რჩებოდა.

სამწუხარო ფაქტია,რომ თავის დროზე ძალაუფლებისთვის ბინძური ბრძოლის ფარგლებში საქართველოში არ დარჩენილა პოლიტიკოსი რომელიც რუსეთის აგენტობაში არ დაედანაშაულებინათ. ზვიადისტების უმრავლესობას დღემდე მიაჩნია, რომ გამსახურდიას მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა ე.წ. პუტჩისტები რუსეთის აგენტებისგან შედგებოდა.

აფხაზეთში ომის წაგების და რუსეთის ხელიუსფლებასთან მომხდარი გარიგების წყალობით, ხელისუფლების სათავეში დარჩენილი შევარდნაძეც კი თავის ოპონენტებს სამშობლოს ღალატის ბრალდებით აპატიმრებდა და ახლაც 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმი თავის ყოფილ მაღალჩინოსნებს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს.

რადიკალური ოპოზიცია კი თვლის, რომ თავად სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა რუსეთის ინტერსების გამტარებელი საქართველოში. მოკლედ თუ თავგზა არ აებნა ამდენი ქართველი აგენტის გადამკიდე ვლადიმერ პუტინს ალბათ თავის პოლიტიკურ ფავორიტს არცთუ ისე შორეულ მომავალში დაასახელებს, მით უმეტეს, რომ მის მოსაცდელთან ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაყენებული რიგი უახლოეს მომავალში ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG