ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ანტი-ამერიკული განწყობა გაიზარდა


პაკისტანში ანტი-ამერიკული განწყობა გაიზარდა
პაკისტანში ანტი-ამერიკული განწყობა გაიზარდა

ამერიკა-პაკისტანის პარტნიორობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება გლობალურ ტერორისტულ გამოწვევებთან ბრძოლაში.

ამერიკა-პაკისტანის პარტნიორობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება გლობალურ ტერორისტულ გამოწვევებთან ბრძოლაში. მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ პარტნიორობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაკისტანში მზარდი ანტი-ამერიკული განწყობა. პაკისტანისთვის შეერთებული შტატების მზარდი ეკონომიკური და სამხედრო დახმარების მიუხედავად, რიგითი პაკისტანელები ქვეყნის პრობლემებს კვლავინდებურად ვაშინგტონს აბრალებენ.

პაკისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონებში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატებიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმები, შეერთებული შტატების არაეფექტური დახმარების პროგრამები და ვაშინგტონის მხარდაჭერა პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ, ექსპერტთა აზრით, პაკისტანში ანტი-ამერიკულ შეხედულებებს აღვივებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისტორიული თვალსაზრისით პაკისტანში ანტი-ამერიკული დამოკიდებულების გავრცელება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ხშირად მხარდაჭერას უცხადებდა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებმაც რამდენჯერმე სამთავრობო გადატრიალება განახორციელეს.

პაკისტანელებს სჯერათ, რომ შეერთებული შტატები პაკისტანის სამხედრო ძალებს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით ავღანეთში.

პაკისტანში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ვენდი ჩამბერლენმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ანტი-ამერიკული მოსაზრებების გავრცელება დაიწყო 1979 წელს, როცა ამერიკამ მხარდაჭერა გამოუცხადა მაშინდელ პრეზიდენტს ზია ულ ჰაქს. მისი თქმით:

„ყოველივე ეს დაიწყო ზიას მმართველობის დროს, როცა მან მთავრობის გადატრიალება მოაწყო და ხალხის მიერ არჩეული პოპულისტი პრეზიდენტი ზულფიკარ ალი ბჰუტო სიკვდილით დასაჯა. ამას გარდა მან სპარსეთის ყურიდან პაკისტანში ვაჰაბიზმის მიმდევრები დაპატიჟა. ამით მას ქვეყანაში ირანიდან გამომდინარე შიიტური რელიგიური აღმავლობის განეიტრალება სურდა.“

დემოკრატიის ეროვნული ფონდის თანამშრომელი ზაჰიდ ებრაჰიმი კი აღნიშნავს, რომ ორი ათწლეულის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერამ გენერალ პერვეზ მუშარაფის მიმართ კიდევ უფრო გააღვივა ანტი-ამერიკული შეხედულებები. ამასთან დაკავშირებით ებრაჰიმი აღნიშნავს:

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, როცა იგი ძალზედ არაპოპულარული გახდა. მე ვფიქრობ, რომ ამან გარკვეული გავლენა მოახდინა იმაზე თუ როგორ აღიქვამენ პაკისტანელები შეერთებულ შტატებს.“

ებრაჰიმი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები პაკისტანში საკმაოდ ხშირია. მისი თქმით:

„შეერთებულ შტატებს რასაკვირველია სამართლიანად ადარდებს პაკისტანის ბირთვული პროგრამის უსაფრთხოების საკითხი. მაგრამ ამგვარი მიდგომა ხშირად კონსპირაციულ თეორიაში გადაიზება ხოლმე, რომლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ ამერიკას პაკისტანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა სურს.“

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ ამერიკის დახმარება ხშირ შემთხვევაში მოსახლეობამდე არ აღწევს.

ვენდი ჩამბერლენს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების დახმარება პირდაპირ პაკისტანელ ხალხს უნდა მოხმარდეს და არა პაკისტანის მთავრობას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პაკისტანის მზარდი ელექტრონული მედია ხალხის შეხედულებეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

იგივე მედია, რომელიც 2005 წელს აჩვენებდა თუ როგორ ანაწილებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას ამერიკული შვეულმფრენებიდან მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ახლა თითქმის ყოველ დღეს აჩვენებს უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო თავდასხმებს ალ ყაიდასა და თალიბ მეამბოხეებზე, ისევე როგორც ამ თავდასხმებით გამოწვეულ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

XS
SM
MD
LG