„ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს ესაუბრა. ის თვლის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება „ყველაფერზეა წამსვლელი“. ამიტომ ყოფილი მერი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა საქმეც კი აღიძრას.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ლუჟკოვის დროს მოსკოვში კორუფციამ ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბა. ამასთან დაკავშირებით იური ლუჟკოვმა აღნიშნა:
„მე ვთვლი, რომ ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამარცხვინო განცხადებაა, რაც რასაკვირველია მან პრეზიდენტის დავალებით გააკეთა მას შემდეგ, რაც მე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში განვაცხადე, რომ პრეზიდენტის და პრემიერის არჩევის სქემა ქვეყნისთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერად მედვედევი იქნება. ამის შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ ბრალდების მთელი ნაკადი წამოვიდა სხვადასხვა მიმართულებით. ნარიშკინის ამ განცხადებას საფუძველი არ გააჩნია,“ - განაცხადა ლუჟკოვმა.
შეკითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ მისი და მისი ცოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, ლუჟკოვმა განაცხადა:
„დღეს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. ჩვენი პრეზიდენტი ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზადაა, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება. ის არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვას ადევნებს თვალყურს და ამავე დროს განახორციელა პოლიტიკური დევნა ყოფილი მერის წინააღმდეგ. რასაკვირველია, მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მე ამას სამწუხაროდ რეალურად განვიხილავ,“- დასძინა ლუჟკოვმა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ლუჟკოვს რუსეთში დაბრუნების არ ეშინია და აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან თუკი არ დაბრუნდება, რუსეთში მის წინააღმდეგ ისეთი ინსინუაციები დაიწყება, რაც მისი ბრალეულობის დემონსტრირებას მოახდენს. „ეს კი ისე გამოჩნება თითქოს მე ჩამოსვლის შემეშინდა. ჩემთვის ღირსება თავისუფლებაზე მაღლა დგას,“ - აცხადებს ლუჟკოვი.
„რუსეთში პოლიტიკური კრიზისი აშკარაა. პოლიტიკური კრიზისი ეს არის ძირითადი პოლიტიკური პარტიების უუნარობა გადაჭრან ხალხის პრობლემები და წარმოადგინონ მათი ინტერესები. მე ვფიქრობ, რომ „ედინაია რასია“ ხალხში საკუთარი ავტორიტეტის მკვეთრი ვარდნის პერიოდში იმყოფება. მომავალი არჩევნები კი, თუკი ფალსიფიკაციის გარეშე ჩატარდება, ხელისუფლების პარტიის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას დაადასტურებს,“ - აცხადებს ლუჟკოვი, რომელიც ერთ დროს თავად იყო მმართველი პარტიის დამფუძნებელთა რიგებში.
მისი თქმით „ედინაია რასია“, ეს არის კრემლის მსახური და მთავრობის ნების აღმასრულებელი პარტია. ლუჟკოვს იმედი აქვს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემის ხარჯზე კომუნისტების პოპულარობა გაიზრდება.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას, ლუჟკოვი თვლის, რომ პუტინი უფრო ეფექტური მმართველია, ვიდრე მედვედევი და ამჟამინდელი პრეზიდენტის გაღიზიანება სწორედ მისმა ამ მოსაზრებამ გამოიწვია.