ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტთა შეფასებები


რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტერაქტის მიზანია კავკასიის მოსახლეობაში ურთიერთ სიძულვილი გაღვივდეს.

მუსულმანური დღესასწაული ურაზა-ბაირამი ჩრდილო-ოსეთში გლოვად იქცა. გუშინ, ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგი ტერაქტი მოხდა. ასზე მეტი დაშავებული და თექვსმეტი გარდაცვლილი. ეს ოფიციალური მონაცემებია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტერაქტის მიზანია კავკასიის მოსახლეობაში ურთიერთ სიძულვილის დანერგვა. პუტინის მორიგი დაპირება არავის გაკვირვებია. მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს სიტუაციის დესტაბილიზაციას.

რატომ ხდება კავკასიაში ტერაქტები და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება-ამ შეკითხვით “ამერიკის ხმამ“ რუს ექსპერტებს მიმართა.

“კარნეგი ცენტრის“ ანალიტიკოსი, პროფესორი ალექსეი მალაშენკო კავკასიის საკითხებში აღიარებული ექსპერტია. იგი თვლის, რომ ჩეჩნეთის ომმა კრემლს ვერაფერი ასწავლა.

“იცით, ეს წელიწადი რუსეთისთვის ერთ-ერთი უმძიმესი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მომხდარმა ტერაქტმა საკმაოდ სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვია ჩრდილო კავკასიის რეგიონში. იქ ყოველდღე აფეთქებენ და კლავენ. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მედვედევი რეგიონის მოდერნიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, მისი შექმნილი კავკასიის ოლქის აღორძინებაზე დაუსრულებლად გველაპარაკება. უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი მოდერნიზაცია არ მოხდება, თუ მოსკოვი ვერ დაარეგულირებს კავკასიაში არსებულ ისლამისტურ ოპოზიციასთან დიალოგს. ტერაქტები და მკვლელობები კვლავ გაგრძელდება. ამ არასტაბილურ ფონზე, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება სოჭის ოლიმპიადის ჩატარება. ეს წამოწყება დიდად სარისკოა. ოლიმპიადის დროს ნებისმიერ დივერსიას შეუძლია შეარყიოს რუსეთის პოლიტიკური ხერხემალი“-ამბობს ექსპერტი

დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი კრემლის პოზიციის გამტარებელია. მარკოვი ცნობილი საქართველოს წინააღმდეგ აგორებული პიარ-კამპანიებით. მისი აზრით, მოსკოვი უახლოეს მომავალში კავკასიაში მშვიდობას დაამყარებს.

“ჩვენ ბრწყინვალედ დავასრულეთ ჩეჩნურ სეპარატიზმთან ბრძოლა. ჩეჩნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთს. კავკასიაში ომმა ახალი ფორმა მიიღო. ახლა რადიკალური ისლამისტები და საერთაშორისო ტერორისტები გვებრძვიან. ისინი მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებენ. დიმიტრი მედვედევმა რადიკალურ-ისლამისტურ ძალებთან ბრძოლის ძალზე ეფექტური პოლიტიკა შეიმუშავა. ბოევიკების განადგურებით არ შემოვიფარგლებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური სიტუაციის გამოსწორება. ვფიქრობ, კავკასიაში სტაბილურობას უახლოეს მომავალში მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ბრძოლა მწვავე იქნება, მაგრამ ჩვენ რადიკალურ ისლამს დავამარცხებთ კავკასიაში“-განაცხადა მარკოვმა

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი პუტინის დაპირებას სკეპტიკურად უყურებს. ექსპერტის აზრით, რუსეთი კავკასიას აუცილებლად დაკარგავს.

“ოსეთში მომხდარმა ტრაგედიამ არ გამაკვირვა. ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად უსუსურია კრემლის პოლიტიკა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ აღიაროს თავისი არაკომპეტენტურობა, ყურში გვხვდება პუტინის ტერორისტების კანალიზაციაში დახრჩობის მორიგი დაპირება. მე არ მაინტერესებს, თუ რა ფორმით აპირებს ხელისუფლება ბოევიკებთან ბრძოლას, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ტერაქტები აღარ განმეორდეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს რაც ხდება ჩრდილო კავკასიაში, არ არის შემთხვევითი მოვლენა. სამწუხაროდ, რუსეთი კარგავს კავკასიას. ქვეყანა, რომელსაც კორუმპირებული მმართველი ჰყავს, არასოდეს გახდება წარმატებული“

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოსახლეობას დაპირდა, რომ აუცილებლად გაანადგურებს “ამ მახინჯებს“. ანალოგიური დაპირება რუსმა საზოგედოებამ მოსკოვის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ უკვე მოისმინა. პრეზიდენტის დაპირების მერე ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების სერია დაიწყო. მარტო სექტემბრის დასაწყისში ბოევიკებმა სამი მასშტაბური დივერსიული აქტი განახორციელეს.

ანალიტიკოსების პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია. მათი აზრით, ტერაქტები რუსეთში კვლავ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG