ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ლიბერალური ძალები საგონებელში არიან


ოპოზიცია თვლის, რომ პანფილოვას წასვლა რუს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება.

რუსეთის მთავარი სამართალდამცველის, ელა პანფილოვას გადადგომამ ლიბერალური ძალები საგონებელში ჩააგდო. ოპოზიცია თვლის, რომ პანფილოვას წასვლა რუსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის საკმაოდ ცუდი ნიშანია.

7 აგვისტოს წამყვანმა სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს კოალიცია შექმნან და ერთობლივი ძალებით იბრძოლონ ადამიანის უფლებებისათვის.

ლევ პანამარიოვს ევროპაში კარგად იცნობენ. მან ჩამოაყალიბა მოძრაობა “ადამიანის უფლებებისათვის“. იგი თვლის, რომ თუ ხელისუფლება არ გადადგება, რევოლუცია გარდაუვალია.

“რუსეთში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. პუტინი ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გვიწევს არსებობა. მერწმუნეთ, ვითარება დღითიდღე უარესდება. ეს უკავშირდება მომავალ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური პატიმრებითაა გადაჭედილი. აი, თუნდაც მიხეილ ხადარკოვსკის სამარცხვინო პროცესი. თუ ასე გაგრძელდა რევოლუცია გარდაუვალია“.

პოლიტოლოგ ევგენი იხლოვს არაერთხელ მიუღია საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. იგი შეშფოთებას გამოხატავს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ბოლშევიკურ გამოცდილებას იხსენებს.

“იცით, საბჭოთა ჩეკისტები ადამიანებს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ. შეეძლოთ ნებისმიერ დროს წაეყვანე და შენ ცხოვრებას წერტილი ესმოდა. დღევანდელი ხელისუფლება შორს არ წასულა. ჩვენ გვართმევენ კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას. ჩვენ გვიკრძალავენ მშვიდობიან დემონსტრაციებს“.

ვიქტორ შენდეროვიჩი რუსული ოპოზიციის იდეოლოგია. მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ აგორებულ პიარ-აქციას მშვიდიდ უყურებს და ირონიანარევი ტონით გვესაუბრება. შენდეროვიჩი თვლის, რომ რუსეთი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ აფრიკის დონეზეა. შექმნილი პოლიტიკური ვითარება კი ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმას“ ახსენებს.

“ პუტინმა თავისი მმართველობის ხანაში სპეცსამსახურების დაფინინსება გაათმაგა. ჩვენთან არ არსებობს სამოქალაქო ინსტიტუტები, ჩვენ მოკლებულნი ვართ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. ამას მივუმატოთ ტერორისტული აქტები, უდანაშაულო ადამიანების გატაცების უამრავი ფაქტი.მერწმუნეთ, მოსახლეობის უკმაყოფილება დღითი დღე იზრდება. რუსეთში სავალალო სიტუაციაა. ერთადერთი, რაშიც მარჯვენი არიან პუტინის სპეცსამსახურები, ეს ოპოზიციასთან ბრძოლაა“.

ექსპერტები არასანუგეშო პროგნოზებს აკეთებენ. მომავალი ორი წლის განმავლობაში რუსეთში მოქალაქე თავის უფლებებს ვერ დაიცავს. მათი აზრით, სახელმწიფო იდეოლოგია თავისუფალი ინსტიტუტების არსებობას არ ითვალისწინებს. კრემლი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რუსეთს, დასავლეთისგან განსხვავებით, დემოკრატიის საკუთარი გაგება აქვს.

XS
SM
MD
LG