ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტომას დე ვაალი: „საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება“


ტომას დე ვაალი: „საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება“
ტომას დე ვაალი: „საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება“

„საქართველოს არჩევანი“ - წიგნი და დისკუსია კარნეგის ფონდში

გუშინ ვაშინგტონში კარნეგის ფონდმა საქართველოს შესახებ გამართულ შეხვედრას უმასპინძლა. თემის სახელწოდება იყო „საქართველოს არჩევანი“. სწორედ ამ სათაურით სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კარნეგის ფონდის მკვლევარის ტომას დე ვაალის წიგნი, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს ეძღვნება. შესაბამისად, გუშინ გამართული დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ბატონი ვაალი იყო. თანამომხსენებელი კი შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ბატონი უილიამ კორტნი გახლდათ. თავდაპირველად აუდიტორიის წინაშე წიგნის ავტორი წარსდგა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, რაც გამოიხატება, როგორც ბიზნეს გარემოსთან, ასევე მედიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. დემოკრატიასთან ერთად, მკვლევარის მტკიცებით, უარყოფითი ტენდენციები ძლიერდება ეკონომიკაში და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება. ეს კი ტომ დე ვაალის თქმით, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან საქართველოზე დაწესებულ ემბარგოზე, რაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის აკრძალვას ითვალისწინებს.

„მე ვიმოგზაურე კახეთში, რომელიც არის მეღვინეობის რეგიონი. ცხადია, რომ კახეთის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოზე, რომელიც დაწესდა 2006 წელს. ამან შეამცირა ღვინის წარმოება და გაუმჯობესდა ხარისხი ახალი ბაზრების ასათვისებლად, თუმცა ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი 90 პროცენტს იკავებდა. ამიტომ ეს კვლავ მნიშვნელოვანი საკითხია. მართალია საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მათ არ სჭირდებათ რუსული ბაზარი, თუმცა ჩემი ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ კახელებისთვის რუსული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.“

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტს შეადგენს. 2010 წელს სოფლის მეურნეობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილმა სახსრებმა 1 პროცენტი შეადგინა, რაც ციხეებზე დახარჯული თანხაზე ნაკლებია.

ტომ დე ვაალის თქმით, 2006 წლის შემდეგ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში გაურესებისკენ წავიდა. მართალია იგრძნობა მოდერნიზება, თუმცა აუცილებელია არაა, რომ ეს გულისხმობდეს დემოკრატიზაციას.

„ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხეა დაფარული მონოპილიზაცია. ამ თემაზე ბევრი არ იწერება, თუმცა, ეს საკითხი გააშუქა ჟურნალმა „ლიბერალმა,“ რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსები, სურსათი, მედიკამენტები, ბენზინი არის მონოპოლიზებული და ფასებიც შესაბამისად მაღალია,“ - განაცხადა ტომას დე ვაალმა.

მისი თქმით, „საქართველოს ყველაზე დიდ მიღწევად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოველდღიური კორუფციის ვირტუალური აღმოფხვრა რჩება“. თუმცა მისი განცხადებით, „საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება ხელისუფლების ან მათთან პოლიტიკურად დაახლოებული პირების მიერ, თუმცა ეს არ ხდება ისე ღიად, როგორც ადრე იყო.“

ტომ დე ვაალმა მედიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სამივე ნაციონალური ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და „რუსთავი-2“ ხელისუფლების მხარდამჭერი არხებია. ამის საილუსტრაციოდ მაც მოიყვაან ის ფაქტი, რომ რუსთავი-2 ის მფლობელი კომპანია დარეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში, რაც ართულებს მისი ნამდვილი მფლობელის გარკვევას. ასევე, სარეკლამო ბაზრის 95 პროცენტს აკონტროლებს ერთი კომპანია, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ამ არხებთან.

ტომ დე ვაალის შემდეგ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ბატონმა უილიამ კორტნიმ ისაუბრა.

„საქართველოში მართალია გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ვითარება, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება.მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია სტრუქტურულ რეფორმაში. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით კი, რომელიც გლობალურ კორუფციას იკვლევდა, გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა ისაუბრა საჯარო სექტორში არსებული კორუფციის შესახებ,“- განაცადა უილიამ კორტნიმ.

თუმცა, მისი თქმით ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას, ეს არის უმუშევრობა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 17 პროცენტია, ხოლო სიღატაკის ზღვარზე კი ყოველი მეოთხე ქართველი იმყოფება.

XS
SM
MD
LG