ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა უნდა შეიმუშაოს


საქართველომ მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა უნდა შეიმუშაოს
საქართველომ მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა უნდა შეიმუშაოს

ნოემბრის ბოლომდე საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 674 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი ლარით აღემატება.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული:

” მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული უარყოფითი ეკონომიკური პროცესებისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროზონა პრაქტიკულად იშლება და ეს , რა თქმა უნდა, აისახება მძიმედ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე , და თან სამეზობლოში, განსაკუთრებით ჩვენს ჩრდილოეთში რუსეთში, ყველა ნიშანია უკვე მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ჩვენი ბიუჯეტი არის ორიენტირებული განვითარებაზე, ჩვენი ბიუჯეტი არის ორიენტირებული მაინც ეკონომიკურ ზრდაზე. მომავალ წელს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ განვითარებაზე ორიენტირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი განვითარების პროექტები, ჩვენი სტილის განვითარების პროექტები.. ახალი ქალაქები, ახალი კურორტები, ახალი რევოლუციური სატრანსპორტო კომუნიკაციები მომავალ წელს გაიშლება, როგორც არასდროს!”.

პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, 2012 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოსახლეობის დასაქმება:

”2012 წლის ბიუჯეტი იქნება ,რა თქმა უნდა, პენსიის ზრდის ბიუჯეტი, იგი იქნება პენსიონერთა საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტი, იქნება გათვალისწინებული მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები და ძალიან მასშტაბური კუთხით წარმოდგენილი. ასევევ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.”

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მომავალ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურება იზრდება, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი მცირდება , ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის წევრი ნოდარ ჭიჭინაძე : ” - 2012 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით არაფრით არ განსხვავდება. არანაირ პროგრამულობაზე აქ საუბარი არ შეიძლება, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სხვა ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში არის 12,8%, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. გარდა ამისა, კვლავ პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ხარჯების მაღალი მაჩვენებელი”.

ყველაზე მეტად დღეს საქართველოს დასაქმების პრობლემა და შესაბამისად, სიღარიბესთან ბრძოლა აწუხებს, სათანადო ყურადღება მცირე ბიზნესს უნდა მიექცეს, თვლის პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრულებელი მდივანი აკაკი ფანჩულიძე. მისივე თქმით , დასაქმების პრობლების დასაძლევად აუცილებელია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში: ” – რა არის გასაკეთებელი მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად?! იმისთვის, რომ ფიზიკურ პირს, გლეხს, ჩვეულებრივ მშრომელ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი დაიწყოს რაღაც გარკვეული ბიზნეს- საქმიანობა, პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება. საგადასახადო ტვირთის შემცირება და მესამე : ნებისმიერ ადამიანს, გლეხს თუ საკურორტო ტერიტორიაზე მოქმედ მცირე მეწარმეს, ნებისმიერ პიროვნებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს გრძელვადიან იაფ კრედიტზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რამეთუ ეს თემა პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან, სიღარიბის დაძლევასთან და მთელი რიგი სოციალური პრობლემების გადაჭრასთან. ის, რომ რეალურად ხელისუფლება გამოდის და აცხადებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები საკმაოდ დამაიმედებელია, რომ ექსპორტი პირველი 8 თვის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა, იმპორტი 38%-ით, რომ სატრანსპორტო კონტეინერული ტვირთბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი, საბანკო სფეროში დეპოზიტების ზრდა 11%-ია, რაც შეეხება სესხების მოცულობის ზრდას ეს არის 14%-ი.. ეს ყველაფერი კარგია, დამაიმედებელია და ზუსტად ახლა უნდა შევძლოთ ჩვენ, რომ ტურიზმის სექტორში , სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურეობის და სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველვყოთ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მთელი რიგი საკითხები დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებასთან, საგადასახადო ტვირთის შემცირებასთან აუცილებლად უნდა იქნას კანონმდებლობაში ასახული.”

XS
SM
MD
LG