ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზიმ საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა


სარკოზიმ საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა
სარკოზიმ საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები საფრანგეთის პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს, საფრანგეთის და ევროკავშირის დროშებით.

თბილისობასთან და საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 7 ოქტომბერი თბილისში უქმე დღედ გამოცხადდა. ნიკოლა სარკოზის კავკასიური ვიზიტი სომხეთში სტუმრობით დაიწყო და დღეს თბილისში სტუმრობით დასრულდა. საქართველოს მსგავსად მან ერევანში სომხეთის პრეზიდენტთან ერთად საფრანგეთის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა, თურქეთს 1915 წლის სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთზე არ არის დამოკიდებული ვინმეს ულტიმატუმი წაუყენოს.

თბილისში თავისუფლების მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რუსთაველის გამზერზე ავტომანქანებით მგზავრობა დილის 9 საათიდან აიკრძალა. თავისუფლების მეტროს მხრიდან პოლიციის თანამშრომლები საშვის გარეშე მისულ ხალხს შესვლაზე უარს ეუბნებოდნენ, თუმცა არც იმას უხსნიდნენ, სად შეიძლებოდა მათ ასეთი საშვები აეღოთ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები საფრანგეთის პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს, საფრანგეთის და ევროკავშირის დროშებით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდი მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისთვის.

2008 წლის რუსული აგრესიის შეჩერება ნილოლა სარკოზის სახელს უკავშირდება, აცხადებს პარლამენტის წევრი კობა ხაბაზი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გამცემლიძე ასევე აღნიშნავს, რომ სარკოზი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომლის ძალისხმევით აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში სიტუაცია შედარებით განიმუხტა..

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისს და მოსკოვს დიალოგისკენ მოუწოდებს.დღესაც თბილისში განხილვის მთავარი თემა გახდა 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგების განხილვა.ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე ამბობს :

”ჩვენ არა მხოლოდ ომი წავაგეთ, არამედ ვფიქრობ, ინფორმაციული ომიც წავაგეთ. ფაქტიურად ტალიავინის დასკვნამ აჩვენა, სამწუხაროდ, ჩვენთვის არასასარგებლო ფაქტები. სააკაშვილს კი ჰქონდა მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ისეთი სურათი, თითქოს ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიები დავკარგეთ, მიუხედავად იმისა, რომ 60 ათასზე მეტი დევნილი გვყავს ქვეყანაში, თითქოს ეს ომი მოვიგეთ.

მე მოლოდინი მაქვს და ჩვენ საზოგადოებასაც აქვს მოლოდინი, რომ სარკოზი უფრო აქტიურად ჩაერთვება და ეს საკითხიც მკვდარი წერტილიდან დაიძრება. იმიტომ რომ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსული და ქართულ ოფიციალურ სტრუქტურებს შორის მოლაპარაკებები შეწყვეტილია. ვფიქრობ, დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს და თუ სარკოზი და დიდი რვიანის წარმომადგენლები მოახერხებენ, რომ მკვდარი წერტილიდან დაიძრას მოლაპარაკებების პროცესი, ეს იქნებოდა კარგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვიდრე სააკაშვილია მართველობაში, ამ საკითხს პერსპექტივა არ აქვს”.

თავისუფლების მოედანზე აქციის პარალელურად იმავე დროს საპროტესტო აქცია გამართა ფილარმონიასთან არასამთავრობო სექტორმა. უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე ხალხის შეკრებით მიხეილ სააკაშვილს სურს აჩვენოს, რომ ხალხის მიერ გამოხატული სიხარული მისდამი კეთილგანწყობის ნიშანია, და არა სარკოსისადმი. აქციის შესახებ ”გადაარჩინე სიცოცხლე”-ს დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი გვესაუბრება:

”ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”გადაარჩინე სიცოცხლემ” მივმართეთ საფრანგეთის საელჩოს დაახლოებით 7-8 დღის წინ, როგორც კი გავიგეთ ბ-ნი სარკოზის ჩამობრძანდებოდა აქ. გვინდოდა პირადად შეხვედრა. მაგრამ, ეტყობა ხანმოკლე ვიზიტი ასეთ შეხვედრებს არ ითვალსწინებს.. გვქონდა უამრავი მასალები ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, გვინდოდა პირადად გადაგვეცა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების იმედი. მე პირადად ჩემს უბედურებაზე ( იური ვაზაგაშვილის ვაჟი ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა- ე.ბ.) ყველა ქვეყნის პირველ პირს მივმართე, გავუგზავნე ყველა მასალა.. ასევე ევროკავშირს, ევროპარლამენტს.. ერთადერთი, ანგელა მერკელისგან მივიღე პასუხი, შემიძლია ეს წერილი განახოთ, აქ მიდევს .. წერილში ნათქვამია რომ ” ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის პოლიციური რეჟიმი.. ვიცით, რომ პოლიცია სერიოზულ დანაშაულობებს ჩადის და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება გამოთქვა ჩემი უბედურების გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ კიდევ მივუთითებთ, რომ საქართველოში გამოსწორდეს კრიმინალური და პოლიციური რეჟიმი”.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართვა მოამზადეს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს გადაეცემა.

XS
SM
MD
LG