ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უოლ სტრიტი - პროტესტის ორი კვირა


უოლ სტრიტი - პროტესტის ორი კვირა

ჯეისონ აჰმადი: „ჩვენი უმეტესობა შთაგონებულია იმით, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ლონდონში“

უკვე ორ კვირაა, რაც ნიუ-იორკში უოლ-სტრიტზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, ისინი კორპორატიულ გაუმაძღრობას აპროტესტებენ, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი აქციის დეტალებს მანჰეტენიდან არკვევდა.

აქციის მონაწილეების უმეტესობას აქვე სძინავს. მოძრავი სამზარეულოდან ისინი პიცით და სენდვიჩებით უფასოდ იკვებებიან. აქვეა სამედიცინო კარავიც. ზოგჯერ მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულსაც აღწევს. თუმცა, როგორც აცხადებენ, ისინი ამერიკელთა 99 პროცენტის სურვილს გამოხატავენ, რომლებიც ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარებით დაზარალდნენ, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი პროცენტი მდიდრდება.

პატრიცია უოლში ვიეტნამის ომში ექთანი იყო. აქციას იმიტომ შეუერთდა, რომ აღშფოთებულია ამერიკაში მშიერი ბავშვების რაოდენობის ზრდით:

„მე არ ვარ მულტიმილიონერების და მულტიმილიარდელების წინააღმდეგ. უბრალოდ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვისი საშუალებითაც მათ ფული იშოვნეს. ახლა ისინი სხედან სპილოს ძვლის კოშკებში და ცდილობენ იფიქრონ თუ როგრო დააღწიონ თავი გადასახადებს, ეს აღმაშფოთებელია“

აქ შეკრებილები თავიანთ თავს „გენერალური ასამბლეის“ მოძრაობას უწოდებენ. მათ უკვე გამოაქვეყნეს დეკლარაცია, სადაც მოთხოვნების სია ჩამოწერეს. აქ არის ყველაფერი, ცხოველთა დაცვიდან დაწყებული და სამუშაო პირობებით და სწავლის გადასახადებით დამთავრებული. ორგანიზატორი ჯეისონ აჰმადი ამბობს, რომ მოძრაობის მოთხოვნები ისევ ძალაშია:

„ყველაზე საინტერესოა, რომ ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა, სადაც ყველა განსხვავებული მიზეზით მოდის და ჩვენ შემდეგ ვხდებით ერთიანნი. ჩვენი რაოდენობა მუდმივად იზრდება.“

ჯერჯერობით გამოკვეთილი მიზანი არ ჩანს. თუმცა, ეს მოძრაობის ზრდას არ აფერხებს. ასევე მოძრაობის მიმართ იზრდება მედიის ყურადღება. მათ მხარდასაჭერად ერთვებიან სხვადასხვა პროფკავშირებიც.

მოძრაობა შეერთებული შტატების სხვა ადგილებშიც იწყება. როგორც აჰმადი ამბობს, მოძრაობის ზრდა უკვე თვალსაჩინოა - ლოსანჟელესში, სადაც ერთ ღამეს 350 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ასევე სან ფრანცისკოში, ბოსტონში, ჩიკაგოში.

„ჩვენი უმეტესობა შთაგონებულია იმით, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ლონდონში. ეს არის ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია გლობალური მოძრაობა ვუწოდოთ,“ - ამბობს აჰმადი.

მისი თქმით ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა დემონსტრანტების ნაწილმა არ იცის, თუ როგორ იმოქმედებს მათზე ზამთრის ცივი დღეეების მოახლოება.

XS
SM
MD
LG