ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა


აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა

ომის გაწელვამ მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვია და პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს მიაყენა დარტყმა.

პაკისტანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა მატულობს, მას შემდეგ, რაც პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ამერიკელმა კომანდოსებმა ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვები ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. პაკისტანის ელიტა კი ამერიკელთა ერთპიროვნულმა მოქმდებამ აღაშფოთა.

როგორც პაკისტანში შეერთებული შტატების ელჩი კამერონ მანთერი აცხადებს, ყველაფრის მიუხედავად ორმა სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მეგობრობა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით:

“ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალზე სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე, რომელიც პაკისტანს თავს ახვევეს საკუთარ პოლიტიკას. მათ უბედურება მოაქვთ პაკისტანისთვის, ისვე როგორც უბედურება მოუტანეს შეერთებულ შტატებს 11სექტემბრის თავდასხმის დროს. ეს ტერორისტები არც პაკისტანს დააყრიან სიკეთეს. მათი მიზანი ჩვენს შორის განხეთქილების ჩამოგდებაა.“

როდესაც ამერიკელებმა სამხედრო კამპანია დაიწყეს ავღანეთში ისინი გაცილებით უფრო რთულ და დიდ რეგიონალურ კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩართულები.

ამ რეგიონის მთავარი პრობლემა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაა. 60 წლის წინათ დამოკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის 4 ომი და უამრავი სამხედრო შეტაკება მოხდა. თანაც ორივე ქვეყნას ატომური იარაღი გააჩნია.

პაკისტანის დასავლეთ საზღვარი ავღანეთთან ფაქტიურად უკონტროლოდ არის დარჩენილი, რადგან ის მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის იმპერიის მესვეურებმა თავიანთი სურვილისამებრ გაავლეს. საზღვრის ორივე მხარე კი პუშტუნების მეომარი ტომებით არის დასახლებული.

შეერთებულ შტატებში პაკისტანის ყოფილი ელჩის მალიჰა ლოდის განცხადებით, ვაშინგტონს ზერელე წარმოდგენა ჰქონდა ადგილობრივ სირთულეებზე, როდესაც ავღანეთში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.მისი თქმით:

“10 წლიანმა ომმა ავღანეთში პაკისტანზე ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ომის გაწელვამ მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვია და პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს მიაყენა დარტყმა. ამერიკა უძლური აღმოჩნდა გაეწყვიტა ალ-ყაიდას კავშირები თალიბებთან. ფაქტიურად ომი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მიმდინარეობს.“

2001 წელს, როდესაც ამერიკელები ავღანეთში შეიჭრნენ თალიბებმა ალ-ყაიდასთან ერთად პაკისტანს შეაფარეს თავი. მას შემდეგ რაც პაკისტანმა ამერიკას დაუჭირა მხარი მოჯახედებმა პაკისტანის მთავრობა და სამხედროები კანონიერ სამიზნედ ჩათვალეს. პაკისტანის არმიამ თავის მხრივ პარტიზანებს ომი გამოუცხადა, მაგრამ მათ შორის არ იყო ჰაქანის დაჯგუფება, რომელიც ალ-ყაიდასთან და თალიბებთან არის დაკავშირებული.

ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით პაკისტანში პარტიზანების ბაზების დაბომბვა დაიწყეს, რამაც ამ ქვეყანაში ანტი-ამერიკული განწყობის გაძლიერება გამოიწვია. პაკისტანელები მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად არღვევს მათ სუვერენიტეტს. თუმცა ისლამაბადში ამერიკის ელჩი კამერონ მანთერი თვლის, რომ 10 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანა ერთად ცდილობდა პრობლემებთან გამკლავებას და მომავალშიც ერთად უნდა გააგრძელონ მოქმედება.

ამ ოპტიმიზმს ბევრი ამერიკელი და პაკისტანელი პოლიტიკოსი არ იზიარებს, მაგრამ უმეტესობას მიაჩნია, რომ რთული ქორწინება უკეთესია ვიდრე საბოლოო გაყრა.

XS
SM
MD
LG