ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რაც უფრო გაიწევთ სინგაპურისკენ, მით უფრო დაშორდებით ევროპას“


თომას ილვესი და მიხეილ სააკაშვილი
თომას ილვესი და მიხეილ სააკაშვილი

ესტონეთის პრეზიდენტის თომას ილვესის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორი დღის წინ ბათუმში დაიწყო, დღეს თბილისში დასრულდა. ვიზიტის ბოლო სამუშაო დღეს ესტონეთის პრეზიდენტი ქართული ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ილვესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საქართველოს შანსია, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამასთან, ილვესის თქმით, „საქართველო რაც უფრო გაიწევს სინგაპურისკენ, მით უფრო დაშორდება ევროპას“.

ესტონეთის პრეზიდენტს პირისპირ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ქართველი „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე შეხვდნენ.

დავით უსუფაშვილი: „ესტონეთის პრეზიდენტის პოზიცია იყო ძალიან ნათელი, მან ბრძანა, რომ საქართველო, რაც უფრო გაიწევს სინგაპურისკენ, მით მეტად დაშორდება ევროპას. ეს შეფასება ეხება ბევრ რამეს, მათ შორის, ერთპარტიულ სისტემას და მრავალპარტიულ სისტემებს.

მრავალპარტიული დემოკრატია მისთვის არის, არა მხოლოდ თეორიულად ყველაზე უფრო მისაღები ფორმა სახელმწიფო მოწყობისა, არამედ ის, რაც დღეს ესტონეთშია. ოთხი პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში, მაგრამ ამათგან არცერთს არ აქვს გადამწყვეტი უმრავლესობა და ამიტომ კოალიციური მთავრობებია შექმნილი.“

ესტონეთის პრეზიდენტი 4 ივნისს ბათუმში ჩაფრინდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში შეხვდა. თომას ილვესმა განაცხადა, რომ ესტონეთი არასოდეს ცნობს საქართველოს ოკუპაციას.

"როცა შეთანხმებას ხელს აწერ და შემდეგ არ ასრულებ, ეს იმას ნიშნავს რომ შენ ამ შეთახმებას არ ეთანხმები. 2008 წელს ხელმწერილი ვალდებულებები შესრულებული არ არის" - აღნიშნა ილვესმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოუწოდა განაგრძოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. „დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა მჭიდროდაა ურთიერთგადაჯაჭვული და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის. ევროპა ნიშნავს სიტვის თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, მაშინაც კი, როცა ის შეიძლება ცოტათი მოუხერხებლად მოეჩვენოს ხელისუფლებას“ - განაცხადა ილვესმა სააკაშვილთან შეხვედრისას.

„ესტონეთისთვის არასოდეს ყოფილა მისაღები ოკუპაცია და მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ეს არ იყო მისაღები არც დასავლეთის ევროპული სტრუქტურებისთვის. ომის ბოლო დღებში ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ პოზიცია, აქ იყო საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი და მასთან ერთად ჩვენც ჩართულნი ვიყავით მოლაპარაკების პროცესში.

მინდა გულახდილად ვთქვა, როცა რაიმე შეთანხმებას ეთანხმები და მერე არ ასრულებ, ეს იმას ნიშნავს რომ შენ არც ამ შეთახმებას ეთანხმები. დასკვნის სახით კი შემიძლია ვთქვა, რომ ვალდებულებები შესრულებული არ არის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, ესტონეთს სწამს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარლამენტში მიიღება და არა ქუჩაში. თუმცა, როცა პოლიტიკური საკითხები ქუჩაში ინაცვლებს ხელისუფლებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამასთან წარმატებული ქვეყნები პოლიტიკას პარლამენტში უნდა ქმნიდნენ და არა ქუჩაში.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ესტონეთის ლიდერს აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის. თომას ილვესი იყო, ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი ლიდერიდან, რომელიც რუსეთის ოკუპაციის დღეებში თბილისში ჩამოფრინდა. „მინდა, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ მხარს უჭერთ არა მარტო საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, არამედ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკასაც“ - უთხრა სააკაშვილმა თომას ილვესს.

„როცა მთელი თბილისი, საქართველო, ყველა მოქალაქე, მათ შორის პარლამენტის წინ შეკრებილები ფიზიკური საფრთხის ქვეშ იყვნენ. ის ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც ჩამოვიდნენ და დიდი პიროვნული რისკი აიღეს თავის თავზე და დიდი გამბედაობა გამოჩინეს. მაგრამ ეს იყო გადამწყვეტი დღე, სიმართლის დღე ევროპისთვის და მსოფლიოსთვის, და თომას ილვესი იყო ერთ-ერთი ვინც დადგა ამ სიმართლის მხარეს.

მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ მარტო მხარს უჭერთ არა მარტო საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, არამედ მხარს უჭერს ასევე ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკასაც და ამის დაფიქსირებას. საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა არის ევროპის კავშირი და თანამედროვე ევროპულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.“

თომას ილვესი ესტონეთის პრეზიდენტის რანგში პირველად საქართველოში 2007 წლის აპრილში ჩამოვიდა. მას შემდეგ, ესტონეთის ლიდერი ოთხჯერ იმყოფებოდა საქართველოში.

ილვესი ოქროს საწმისისა(2007) და წმინდა გიორგი გამარჯვების ორდენებით(2010) არის დაჯილდოვებული. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თომას ილვესი ის გამონაკლისია, რომლის სახელსაც ჯერ საქართველოს არცერთი ქუჩა არ ატარებს, ვინაიდან - „იგი მოქმედი ევროპელი პოლიტიკოსი და ლიდერია და იმედი აქვს, რომ კიდევ მრავალი წლით გააგრძელებს ამ საქმიანობას“.

ამით სააკაშვილმა ფაქტიურად მხარდაჭერა გამოუცხადა კოლეგას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ესტონეთში აგვისტოში გაიმართება. თომას ილვესი მეორე ვადით იყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG