ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობამ სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გააძლიერა


აშშ-ს მთავრობამ სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გააძლიერა

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით ყოველი ექვსი ამერიკელიდან ერთი დაბინძურებული საკვები პროდუქტებისგან ცუდად ხდება, ხოლო 5,000 ყოველ წელს იღუპება.

შეერთებული შტატების მთავრობამ სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომები გაამკაცრა. 5 აპრილს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ახალი წესები გამოაქვეყნა, რომელიც ხორცის პროდუქტების მწარმოებლებს დამატებით მოთხოვნებს უყენებს. კერძოდ, კომპანიები მომხმარებლებს პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდიან, თუ საბოლოო პროდუქციამ მთავრობის ინსპექტორების მიერ ჩატარებული ხარისხის შემოწმება გაიარა. ხორცის პროდუქციის სავალდებულო შემოწმება ბაქტერიული დაბინძურების შემთხვევების ამოცნობას ემსახურება. გამკაცრებული წესები სურსათის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი კრის სიმკინსი.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ყოველი ექვსი ამერიკელიდან ერთი დაბინძურებული საკვები პროდუქტებისგან ცუდად ხდება, ხოლო 5,000 ყოველ წელს იღუპება.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნაწლავის ჩხირითა და სალმონელას ბაქტერიით გამოწვეული მასიური მოწამლვის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად კომპანიებს გატარებული ხორცის, შპინატის, პომიდორის, კვერცხებისა და სხვა სასურსათო საქონლის მსხვილი პარტიების სასურსათო მაღაზიებიდან გაწვევა მოუხდათ.

რობერტ ბრაკეტი სურსათის მრეწველობის ექსპერტი გახლავთ.

„როცა ხალხი დაბინძურებული სასურსათო პროდუქტებით გამოწვეულ ეპიდემიებზე გებულობს, მას სურს, რომ სურსათის მრეწველობამ შესაბამისი ზომები მიიღოს “ -აღნიშნავს ბრაკეტი.

სასურსათო ინდუსტრიამ და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა წესები გაამკაცრეს, რათა დაბინძურებული პროდუქტები სასურსათო საქონლის მიწოდების ქსელში არ აღმოჩნდეს.

ახალი წესების თანახმად, სავალდებულო ხარისხის შემოწმების გამო ხორცის პროდუქტები 24 ან 48 საათის მანძილზე მომხარებლამდე არ მიაღწევს. ხარისხის შემოწმებას სახელმწიფო ინსპექტორები ჩაატარებენ, რათა მომხარებელმა მხოლოდ უსაფრთხო სასურსათო პროდუქტები მიიღონ. მკვლევარების აზრით, ახალი წესები ორი წლის წინ რომ დაწესებულიყო დახლებიდან სასურსათო საქონლის 44 მნიშვნელოვანი გაწვევა არ მოხდებოდა.

სასურსათო საქონლით გამოწვეული დაავადებების შესწავლისა და თავიდან აცილების კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პეტ ბაკი აღნიშნავს:

„ბევრად უმჯობესია როცა უხარისხო პროდუქტი დროულად ამოღებულია მიმოქცევიდან და გასაღების ადგილამდე არ აღწევს.“

სურსათის უსაფრთხოების მომხრეები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ იანვარს სურსათის უსაფრთხოების მოდერნიზაციის კანონმდებლობას ხელი მოაწერა, შეერთებული შტატების სურსათის უსაფრთხოების სისტემა აშკარად გაუმჯობესდა.

ნიშანდობლივია, რომ 70 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხსენებული საკანონმდებლო აქტი შეერთებული შტატების სასურსათო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ პირველ კანონს წარმოადგენს. ახალი კანონის დებულებების თანახმად, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ვალდებულები არიან გაზარდონ შემოწმებების რიცხვი სურსათის გადამამუშავებელ ქარხნებზე საქონლის დაბინძურებისა და პროდუქციის გაწვევის თავიდან აცილების მიზნით. პატ ბაკს მიაჩნია, რომ ახალი წესები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„ახალი წესები ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. რასაკვირველია ამით სურსათი ხვალვე უსაფრთხო არ გახდება, მაგრამ მიღებული კანონი მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში კიდევ ბევრი ახალი წესი და პროგრამა უნდა შემუშავდეს “- დასძენს პატ ბაკი.

XS
SM
MD
LG