ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის როლი და ზომა საბიუჯეტო კრიზისის ეპიცენტრში


მთავრობის როლი და ზომა საბიუჯეტო კრიზისის ეპიცენტრში

ჩაის სმის მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა კონგრესის შარშანდელ შუალედურ არჩევნებში და პრაქტიკულად რესპუბლიკელების ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება უზრუნველყო.

დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორთა შორის მიმდინარე მწვავე დებატები ძირითადად ფედერალური მთავრობის ფუნქციებს და ზომის შემცირებას შეეხება. იდეოლოგიური და პოლიტიკური ორთაბრძოლა პრეზიდენტ ობამას საკმაოდ წინააღმდეგობრივ ჯანდაცვის რეფორმასაც უკავშირდება.

დემოკრატიულმა ფრთამ დებატებში ერთგვარი უპირატესობა მოიპოვა, რითაც რესპუბლიკელი ელექტორატის კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია. რესპუბლიკელი ამომრჩევლები მეტი მონდომებით და ენერგიით ულტრა კონსერვატიული მიმდინარეობის, ე.წ. ჩაის სმის მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ჩაის სმის მოძრაობამ დიდი როლი ითამაშა კონგრესის შარშანდელ შუალედურ არჩევნებში და პრაქტიკულად რესპუბლიკელების ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება უზრუნველყო. უკიდურესად კონსერვატიული მიმდინარეობა რესპუბლიკელებისგან ბიუჯეტის შემცირების შესახებ მიცემული დაპირების შესრულებას მოითხოვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის მთავრობის ხარჯების შემცირება და ვაშინგტონში ფედერალური მთავრობის შეკვეცაა. ჩაის სმის მოძრაობა დღევანდელ დებატებზე ახლად არჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენებისგან პრინციპულობას და უკომპრომისობას მოითხოვს.

ალექს ბრილი, კონგრესის საკითხების ექსპერტი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან ამბობს:

„ახალწვეული კონგრესმენების დიდი უმრავლესობა აქ კომპრომისისთვის არ მოსულა. მათ მხოლოდ გამარჯვება სურთ და ამასთან კომპრომისის და გამარჯვების თავისებური გაგება აქვთ“.

რესპუბლიკელი პოლ რაიანი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ სადავო თემა ბიუჯეტს სცდება:

„ჩვენ აქ ამერიკის პრობლემების გადაწყვეტას ვცდილობთ“ - ამბობს ის. დემოკრატები თავის მხრივ გაღიზიანებას არ მალავენ მათ კოლეგებზე ჩაის სმის მოძრაობის აშკარა ზეწოლის გამო. უმრავლესობის ლიდერი სენატში, ჰარი რიდი, იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტი ის იქნება, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას და არა ის, რასაც მათგან ჩაის სმის მოძრაობა მოითხოვს“.

პრეზიდენტი ობამა ორივე მხარეს შეახსენებს, რომ დღეს პოლიტიკური ქულების დაწერის დრო აღარ არის.

„თამაშის დრო არ გვაქვს. აღარც პოზიციების გამყარების, მანევრირების, თუ პოლიტიკური ქულების დაგროვების დრო დაგვრჩა“ , აცხადებს ის.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, საბიუჯეტო საკითხების გამო ორი პარტიის იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ანალოგიურმა უთანხმოებამ 1995-96 წლებში, კლინტონის მმართველობის პერიოდში, მთავრობის დახურვა გამოიწვია. მაშინ საზოგადოება არსებულ კრიზისში უფრო რესპუბლიკელებს დებდა ბრალს. დღეს საზოგადოებრივი აზრი თანაბრადაა გაყოფილი და უპასუხისმგებლობაში ორივე პარტიას ერთნაირად ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG