ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათის ფასები საერთაშორისო ბაზარზე კვლავ გაიზრდება


სურსათის ფასები საერთაშორისო ბაზარზე კვლავ გაიზრდება
სურსათის ფასები საერთაშორისო ბაზარზე კვლავ გაიზრდება

სტატისტიკა დრამატულად გამოყურება მარცვლოვან კულტურებში, სადაც ფასებმა შარშანდელთან შედარებით 60 პროცენტით მოიმატა.

გაეროში არსებულმა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საგანგაშო განცხადება გაავრცელა: საერთაშორისო ბაზარზე კვების უმთავრესი პროდუქტების ფასები კვლავ მატულობს. ზედიზედ რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ზრდამ თებერვალში უკანასკნელი 2 ათწლეულის ფასების პიკს მიაღწია.

ორგანიზაციის მთავარმა სპეციალისტმა მარცვლოვანი კულტურების დარგში, აბდოლრეზა აბასიანმა, განაცხადა, რომ შაქრის გამოკლებით ყველა მთავარი პროდუქტის ფასი ივნისის შემდეგ სტაბილურად იზრდება. მათ შორის კრიტიკულ ნიშნულზეა ბურღულეულის, რძის და ხორცის ნაწარმის ფასები:

“ჯერ კიდევ ისტორიულ პიკში ვიმყოფებით. თებერვალში ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. არ აქვს მნიშვნელობა რეალურ ფასებს ვიგულისხმებთ, ინფლაციის დონეს, თუ ნომინალურ ღირებულებას - ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებზე საერთაშორისო საბაზრო ფასმა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ანუ - მას შემდეგ რაც ჩვენ მასზე მონიტორინგი დავაწესეთ“.

ეგვიპტეში და ტუნისში კვების უმთავრეს პროდუქტებზე ფასების ზრდა ფაქტიურად ამ ქვეყნებში არეულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. საქმეს ახლა კიდევ უფრო ართულებს ლიბიაში მიმდინარე მოვლენები, რადგან საწვავზე ფასების ზრდა სურსათის გაძვირების ხელახალ ტალღას წარმოქმნის. ბატონი აბასიანის განმარტებით, საწვავის გაძვირებას მეორე, მომხმარებლისთვის შედარებით უცნობი, ეფექტიც აქვს. საქმე იმაშია, რომ როდესაც საწვავი ძვირდება, იზრდება მოთხოვნილება ბიოლოგიურ საწვავზე და შესაბამისად მოსავლის უფრო მეტი ნაწილი ხმარდება მის წარმოებას. ეს უკვე მოხდა 2007-2008 წლებში, როდესაც საწვავის გაძვირებამ ბიოლოგიური საწვავის, კერძოდ კი ეთანოლის, წარმოება ერთიორად გაზარდა.

მილიონობით ადამიანი შიმშილობს და კიდევ უფრო მეტი შიმშილის ზღვარზეა. ამ ფონზე გაეროში არსებული სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია დაბეჯითებით მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეწყვიტოს საწვავის ფასებით დამატებითი სპეკულაცია, რათა შემცირდეს მოთხოვნა ბიოლოგიურ საწვავზე. ბატონი აბასიანის განცხადებით, თუკი ეს არ მოხდება, სურსათის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება:

„სავსებით ნათელია, რომ მანამ, ვიდრე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, შესაბამისად გაძვირდება მთავარი საკვები პროდუქტებიც. განსაკუთრებით ეს ეხება ბურღულეულ კულტურებს. სამწუხაროდ სიტუაცია არ გაუმჯობესდება უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში“.

მთავარი და მნიშვნელოვანი განსხვავება დღევანდელ და 2008 წლის სასურსათო კრიზისს შორის ის არის, რომ ბრინჯის ფასი შედარებით სტაბილურია და გასული წლის შემდეგ ოთხ პროცენტზე მეტად არ გაზრდილა. მოგეხსენებათ, ბრინჯი მთელი რიგი ქვეყნების უმთავრეს საარსებო საკვებ პროდუქტს წარმოადგენს.

თუმცა, სტატისტიკა ბევრად უფრო დრამატულად გამოყურება ხორბლეულის ჯიშებში, სადაც ფასებმა შარშანდელთან შედარებით 60 პროცენტით მოიმატა. 94 პროცენტით გაიზარდა სიმინდის ფქვილის ფასი, რადგან ის ბიოლოგიური საწვავის წარმოების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

XS
SM
MD
LG